მიუხედავად გარკვეული ხარვეზებისა, შეიძლება ითქვას, რომ წინასაარჩევნო პერიოდი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

20/10/2017

მიუხედავად გარკვეული ხარვეზებისა, შეიძლება ითქვას, რომ წინასაარჩევნო პერიოდი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, – ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში კახა კოჟორიძემ განაცხადა.
“კარგია, რომ დებატები შედგა და იყო მეტნაკლებად შინაარსობრივი განხილვები, თუმცა ცხადია პრობლემები რჩება. ძალიან დიდი პრობლემაა უთანაბრობა პარტიებს შორის დაფინანსების თვალსაზრისით. ასევე პრობლემაა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, მათ შორის, იმ ფორმით, როდესაც შესაძლოა, ადამიანები იძულებულნი ხდებოდნენ ფიზიკური არსებობისთვის აუცილებელი ხელფასის დაკარგვის შიშით შეესრულებინათ გარკვეული პარტიული დავალებები, იცით, რომ ასეთი ფაქტების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია და ამას გამოძიება სჭირდება”, – აღნიშნა კახა კოჟორიძემ.
მისი განცხადებით, მსგავსი ფაქტები შეიძლება იყოს არა მარტო საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა, არამედ იმის დარღვევა, რაც ასე ზარზეიმით ჩაიწერა კონსტიტუციაში – ღირსების უფლების დარღვევა, რასაც ცხადია გამოძიება სჭირდება.
“ასევე, გამოძიება სჭირდება იმ სამწუხარო ფაქტსაც, რომელსაც გუშინ ჰქონდა ადგილი მარნეულში. ძალიან მნიშვნელოვანია ხვალ, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა მოუწოდა, საქართველოს მოქალაქეებმა შეასრულონ თავიანთი მოქალაქეობრივი ვალი, მივიდნენ არჩევნებზე და იაქტიურონ. ეს იქნება წინაპირობა იმისა, რომ საქართველო კიდევ ერთხელ გადადგამს ნაბიჯს წინ დემოკრატიული განვითარებისკენ”, – აღნიშნა კახა კოჟორიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0