მიწას, რომელსაც აფასებს სამხარაულის ბიურო, 100 პროცენტიანი ფასის 25-პროცენტიანი ფასდაკლება ექნება

10/05/2021

იმისთვის, რომ გავზარდოთ სასოფლო-სამეურნეო მიწის ხელმისაწვდომობა და საშუალება მივცეთ მოიჯარეებს, უფრო ეფექტურად გამოიყენონ საკუთარი უფლება და პირდაპირი მიყიდვის წესით შეიძინონ მიწები, გადავწყვიტეთ, რომ ამიერიდან შესაძლებელი იქნება მიწების 25-პროცენტიანი ფასდაკლებით გამოსყიდვა – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის თქმით, მიწას, რომელსაც აფასებს სამხარაულის ბიურო, 100 პროცენტიანი ფასის 25-პროცენტიანი ფასდაკლება ექნება, რომლითაც მოიჯარეები ისარგებლებენ. მისივე განცხადებით, მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილება განსაკუთრებით იმ ფერმერებს გაახარებს, რომლებსაც სახელმწიფოსგან იჯარით აქვთ აღებული მიწა და ფიქრობდნენ მის გამოსყიდვას.

„რამდენიმე ხნის წინ ჩვენ დავრთეთ ნება მოიჯარეებს, რომლებიც წლების მანძილზე ამუშავებენ სახელმწიფო მიწებს, პირდაპირი წესით საბაზრო ფასად გამოისყიდონ იჯარით აღებული მიწის ნაკვეთები. მთავარი ამოცანაა, რომ დაუმუშავებელი მიწა არ დარჩეს და მათ შეძლონ სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობა და დაფინანსების მოზიდვა. თუმცა ვაკვირდებოდით ტენდენციას, ფასები საკმაოდ მაღალია და შესაბამისად, ბევრ მოიჯარეს არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა, ისარგებლოს ამ უფლებით.
საქართველოში 2000-მდე ასეთი მოიჯარე გვყავს. გვაქვს საკმაოდ დიდი რაოდენობის მიწის ფართობები, დაყოფილი შედარებით მცირე ნაკვეთებად, მაგრამ გაიჯარებული. ეს ადამიანები წლებია, ამუშავებენ ამ მიწას და ეს გადაწყვეტილება უფრო ხელმისაწვდომს გახდის მათთვის ამ მიწის გამოსყიდვის შესაძლებლობებს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილება საშუალებას მისცემს ფერმერებს შეიძინონ მიწა, დაამუშაონ და უფრო მეტად მოიზიდონ როგორც საბანკო დაფინანსება, ასევე კერძო ინვესტიციები, ისარგებლონ იმ ფართო სახელმწიფო პროგრამების შემოთავაზებით, რაც ჩვენ და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გვაქვს. ასევე, ეს წაახალისებს სასოფლო-სამეურნეო მიწის მეორე ბაზრის გაჩენას, რადგან კერძო ინვესტორები უფრო მეტად დაინტერესდებიან სასოფლო მიწებში ინვესტიციების გაკეთებით.
სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში დღეისთვის 439 მოიჯარის განაცხადია შესული და შესაბამისი შეთავაზებები მათთვის ახალი წესით გაკეთდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0