მიწის საკუთრების საკითხს რეფერენდუმზე გავიტანთ

16/05/2017

შემთხვევითი არ არის, რომ საკონსტიტუციო კომისიაში ჩვენმა პარტიამ პრინციპულად დააყენა მიწის საკუთრების დაცვის საკითხი და სწორედ, „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ მოითხოვა კონსტიტუციაში საგანგებო მუხლის შეტანა, რომლითაც აიკრძალებოდა ქართული მიწის უცხოელებზე გაყიდვა, – ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა განაცხადა. ნინო ბურჯანაძე ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, მიწის გასხვისების საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას მხარი დაუჭირონ.

„მოხარული ვარ, რომ დღეს, ოპოზიციური სპექტრი და საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი ამ ჩვენს ინიციატივას აქტიურად უჭერს მხარს. დღეს ქართული მიწა იყიდება უკონტროლოდ. ამ საკითხთან დაკავშირებით, ერთი თვის წინ იუსტიციის სამინისტროდან საჯარო ინფორმაცია მოვითხოვეთ, თუმცა იუსტიციის სამინისტრომ პასუხი არ მოგვცა, იმიტომ, რომ ქართული მიწა იყიდება ყოველგვარი კონტროლის გარეშე. როგორც ჩანს, ეს არის ძალიან თანმიმდევრული პროცესი და ვიღაცის ინტერესში შედის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაიყიდოს მიწის დიდი ნაწილი და ამიტომაც ეწინააღმდეგება ხელისუფლება იმ ცვლილებას, რომელიც ითვალისწინებს მინიმუმ, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე მიწების გაყიდვის აკრძალვას. მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ ცალკეულ ოპოზიციურ პარტიებთან მქონდა კონსულტაციები და ვიცი რა მათი საჯარო და არასაჯარო პოზიციაც, მივმართავ, აბსოლიტურად ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციას, ყოველგვარი პარტიული კუთვნილების მიუხედავად გავერთიანდეთ აღნიშნული საკითხის ირგვლივ. გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა საზოგადოების იმ ნაწილთან ერთად, რომელიც ჩვენს პოზიციას ეთანხმება და მოვემზადოთ რეფერენდუმისთვის. ეს არ უნდა იყოს პარტიული კუთვნილების და ბრძოლის საკითხი, ეს უნდა იყოს საერთო სახალხო ბრძოლის საკითხი.
მოვუწოდებ საქართველოს მოსახლეობას, ის რაც გუშინ მოხდა ხელისუფლებისათვის გაკვეთილი უნდა იყოს, თუმცა ჩანს, რომ ხელისუფლება გაკვეთილებს ვერ სწავლობს. გავერთიანდეთ, რომ არ დავუშვათ ქვეყნისათვის დამანგრეველი კონსტიტუციის მიღება, არ მივცეთ ამ ხელისუფლებას კონსტიტუციის ამ ფორმით მიღების შესაძლებლობა, იმიტომ რომ ეს შეუქცევად პროცესებს გამოწვევს. ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ თავისი ქმედებებით და თავისი გადაწყვეტილებებით ის დაუპირისპირდა არა რომელიმე კონკრეტულ პარტიას ცალკე აღებულს ან თუნდაც პარტიების ჯგუფს, არამედ ის დაუპირისპირდა საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს და საქართველოს მოსახლეობას. ამიტომ, სწორედ მოსახლოებამ უნდა თქვას თავისი სიტყვა და ქვეყნისთვის მავნებლური კანონი არ უნდა მივაღებინოთ ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც უნდა ქვეყანა ჯიბეში ჩაიდოს, ეს მართლაც ყოფნა არ ყოფნის საკითხია. უახლოესი ათწლეულების განმავლობაში ქვეყნისათვის და ამ გაერთიანებისათვის ვთვლი, რომ ყველანაირი პარტიული ინტერესი განზე უნდა იქნას გადადებული“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0