საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მიხეილ გიორგაძემ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ და საქართველოს პარლამენტის წევრმა ოთარ დანელიამ ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. გასული 3 წლის განმავლობაში, სააგენტოს დაკვეთით მიმდინარე რეაბილიტაციისა და კონსერვაციის სამუშაოების ეტაპებმა ნაქალაქარის ქვედა ტერასის ყველა სეგმენტი მოიცვა, რაც გვირაბის, რკინის ხიდის, საფორტიფიკაციო ნაგებობების, სასახლეებისა და უნიკალური წყალსაცავის მოწესრიგებას და სრულ კონსერვაციას ითვალისწინებდა.
დასრულდა ორმოც მოწამეთა ტაძრის კედლის მხატვრობის კონსერვაციის ეტაპიც, რომელიც სამხატვრო აკადემიის მხატვარ-რესტავრატორთა ჯგუფმა განახორციელა. ტაძარი სრულად გადაიხურა ავთენტური ფორმის კრამიტით, რომლის დიზაინის დადგენაც არქეოლოგიური გათხრებისას გამოვლენილი უძველესი კრამიტის შედეგად გახდა შესაძლებელი. მუზეუმ ნაკრძალის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში სრულად რეაბილიტირდა და გამაგრდა მდინარის გაბიონები.
სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში სრულდება ნაქალაქარის ქვედა ტერასის ინფრასტრუქტურული ნაწილის მოწესრიგების სამუშაოები. ეწყობა სავალი ბილიკები, მისასვლელი გზები და საინფორმაციო ბანერები. მიმდინარე წლის ბოლომდე მუზეუმ-ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორია აღიჭურვება ისტორიულ-სანახაობრივი ატრაქციის ელემენტებით, რომელიც სამომავლოდ ნოქალაქევის მიმართ ვიზიტორთა ინტერესს მნიშვნელოვნად გაზრდის. უკვე დასრულებულია ისტორიულ-არქიტექტურული კომპლექსის ფერდობისა და ციტადელის პროექტირების სამუშაოებიც.
პროექტის ფარგლებში ასევე იგეგმება ახალი სამუზეუმო სივრცის მოწყობა სადაც ექსპოზიციის სახით ნოქალაქევის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არტეფაქტები გამოიფინება. ახალ მუზეუმშივე განთავსდება თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქიმიურ-სარესტავრაციო ლაბორატორია, რომელიც დასავლეთ საქართველოში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მიმდინარე არქეოლოგიურ მისიებს მოემსახურება. ლაბორატორიის ტექნიკურ აღჭურვას სამომავლოდ იაპონიის ტეიკიოს უნივერსიტეტი უზრუნველყოფს, რომელთანაც სააგენტოს თანამშრომლობის პროგრამა მიმდინარე წლიდან ამოქმედდა.
2016 წელს დაწყებულ კომპლექსურ სამუშაოებს სრულად აფინანსებს საქართველოს მთავრობა. მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტი 4 წლის განმავლობაში 14 მილიონ ლარს გაიღებს.
ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორია ძვ.წ. VIII-VII საუკუნეების კოლხეთის სამეფოს ერთ-ერთ ცენტრს წარმოადგენდა. ძვ.წ. IV-III საუკუნეებში მასზე განთავსებული იყო ერისთავ ქუჯის რეზიდენცია. IV-VIII საუკუნეებში კი ნოქალაქევი ეგრისის (დასავლეთ საქართველოს) სამეფოს დედაქალაქ “ციხეგოჯს”, “არქეოპოლისს” წარმოადგენდა.