მიხეილ გიორგაძე ესტონელ კოლეგას შეხვდა

06/03/2017

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ კულტურის სამინისტროში ესტონელ კოლეგას – ესტონეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრს ინდრეკ საარს უმასპინძლა. ორი ქვეყნის მინისტრების შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, ესტონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეა ახვლედიანი, საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კაი კაარელსონი და ესტონეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრის მრჩეველი მარის სილდი. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. დღესვე, ხელი მოეწერა ორ ქვეყანას შორის კულტურული თანამშრომლობის პროგრამას, რომელიც გულისხმობს 2017-2020 წლებისთვის საქართველოსა და ესტონეთს შორის კავშირების გაღრმავებას კულტურისა და ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებით, ასევე, შემოქმედებითი ინდუსტრიების სფეროში თანამშრომლობის განვითარებას. მხარეები ხელს შეუწყობენ ხელოვანების მონაწილეობას ორ ქვეყანაში ჩატარებულ სხვადასხვა საერთაშორისო კულტურულ ღონისძიებებში; ერთობლივად იმუშავებენ ლიტერატურული ნაწარმოებების თარგმნისა და გავრცელების მიმართულებით; მოხდება ფილმების ერთობლივი წარმოების მხარდაჭერა, აგრეთვე, ითანამშრომლებენ ისტორიული და კულტურული ძეგლების შენარჩუნებისა და აღდგენის სფეროებშიც. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები ეწვევიან საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და განახლებულ ოპერისა და ბალეტის თეატრს. დაგეგმილია ესტონური დელეგაციის შეხვედრა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან ტარიელ ხეჩიკაშვილთან, ამასთან – ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონის მონახულება, იქიდან გამომდინარე, რომ ესტონეთის კულტურის მინისტრის კომპეტენციას სპორტის სფეროც განეკუთვნება. ინდრეკ საარის საქართველოში ვიზიტის ორგანიზება, ესტონეთში საქართველოს საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობით წარიმართა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებში, ასევე მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესტონეთში თეა ახვლედიანი და ესტონეთის ელჩი საქართველოში კაი კაარელსონი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0