მიხეილ გიორგაძე პოლონელ კოლეგას შეხვდა

22/01/2018

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილეები ლევან ხარატიშვილი და გიორგი ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით დავოსში იმყოფებიან.
20-22 იანვარს ქ. დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, შვეიცარიის ინიციატივით, ევროპის კულტურის კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოების კულტურის მინისტრების კონფერენცია იმართება. ღონისძიების ფარგლებში, 22 იანვარს, მიხეილ გიორგაძე პოლონელ კოლეგას, პიოტრ გლინსკის შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა კულტურის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. მიხეილ გიორგაძემ პოლონელი კოლეგა საქართველოში მიიწვია, თანამშრომლობის ხელშეკრულების გასაფორმებლად. გარდა ამისა, მხარეებს შორის შედგა შეთანხმება სამუშაო კომისიის შექმნის თაობაზე, რომლის მიზანი იქნება ქვეყნებს შორის კონკრეტული თანამშრომლობის სამოქმედო გეგმის შემუშავება და მისი ეფექტურად განხორციელების უზრუნველყოფა. სამუშაო კომისიას საქართველოსა და პოლონეთის კულტურის მინისტრების მოადგილეები უხელმძღვანელებენ. აღნიშნულ კომისიაში კულტურის სფეროს სხვადასხვა ინსტიტუციის წარმომადგენლები შევლენ.
ევროპის კულტურის კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოების კულტურის მინისტრების კონფერენცია, ევროპარლამენტის მიერ 2018 წლის კულტურული მემკვიდრეობის წლად გამოცხადების აღსანიშნავად დაიგეგმა და მიზნად ისახავს მშენებლობის ევროპული ტრადიციისა და მისი კულტურული მნიშვნელობის გარშემო დისკუსიის ინიცირებას, ისტორიული შენობა-ნაგებობების კონსერვაციისა და თანამედროვე განვითარების ერთიან კულტურულ და სივრცით კონტექსტში წარმოსაჩენად. კონფერენციაზე წარმოდგენილი მოსაზრებები ინტეგრირებული იქნება შემაჯამებელ დეკლარაციაში მშენებლობის კულტურის შესახებ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0