მიხეილ ჩხენკელის მოწვევით საქართველოს Times Higher Education-ის წარმომადგენლები ესტუმრებიან

22/01/2018

განათლების მსოფლიო ფორუმის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი Times Higher Education-ის წარმომადგენლებს, ჯონი გილსა და მაიკლ კარუნას შეხვდა, სადაც საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის გამოწვევებზე და ინტერნაციონალიზაციის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.
მხარეები შეთანხმნენ, რომ უახლოეს პერიოდში Times Higher Education-ის წარმომადგენლები საქართველოს ესტუმრებიან და სამინისტროსა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან სამომავლო თანამშრომლობის ფორმატს განიხილოავენ, რაც ქართული უმაღლესი განათლების სისტემის საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
Times Higher Education-ის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა პროექტის „ისწავლე საქართველოში“ შესაძლებლობებზე და გაფართოების გზებზე. ამასთან, ხაზი გაესვა ქართული უნივერსიტეტების იმ აკადემიურ პროგრამებს, რომლებიც შესაძლოა უცხოელი სტუდენტებისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყოს.
გამომდინარე იქიდან, რომ Times Higher Education-ის რეიტინგებში დღეის მდგომარეობით მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ხვდება, შეხვედრაზე ხაზი გაესვა შესაძლებლობას, რომ რეიტინგში სხვა უნივერსიტეტებიც მოხვდნენ, რაც ხელს შეუწყობს როგორც საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში უცხოელი სტუდენტების მოზიდვას, ასევე ქართველი მკვლევარებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებისთვის გაცვლითი პროგრამების განვითარებას.
განათლების მსოფლიო ფორუმი, რომელიც ყოველწლიურად ლონდონში მსოფლიო მინისტრების დონეზე ტარდება 21 იანვარს გაიხსნა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მასში ასამდე ქვეყნის განათლების მინისტრებთან და ოფიციალურ პირებთან ერთად მონაწილეობს.
ფორუმი, რომელიც საგანმანათლებლო სემინარს წარმოადგენს, მსოფლიო განათლების მინისტრებს შეკრების და განათლების სისტემაში არსებული გამოწვევების განხილვის საშუალებას აძლევს, დაწყებული სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებიდან, დამთავრებული უკეთესი შედეგებით ეკონომიკურ ზრდასა და სოციალურ მობილობაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0