მიხეილ ჩხენკელმა პორტუგალიელ კოლეგას პროფესიულ განათლებაში სტუდენტთა გაცვლითი პროგრამის შემუშავება შესთავაზა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა და პორტუგალიის განათლების მინისტრმა ტიაგო ბრანდაო როდრიგესმა სამომავლო თანამშრომლობაზე იმსჯელეს. მინისტრებს შორის ორმხრივ შეხვედრაზე მთავარი აქცენტი პროფესიულ განათლებაზე და ამ მიმართულებით სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობაზე გაკეთდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორი ქვეყნის განათლების სამინისტროებს შორის შემუშავდეს მემორანდუმი, რაც განათლების კუთხით ქვეყნებს შორის თანამშრომლობას გააღრმავებს.
მიხეილ ჩხენკელმა პორტუგალიელ კოლეგას პროფესიულ განათლებაში სტუდენტთა გაცვლითი პროგრამის შემუშავება შესთავაზა, რაც ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს გარკვეული დროით პორტუგალიის კოლეჯებს ესტუმრონ და ამ ფორმით ცოდნა გაიღრმავონ. ამასთან, საქართველოს კოლეჯები პორტუგალიელ სტუდენტებს უმასპინძლებენ.
შეხვედრის დასასრულს, მიხეილ ჩხენკელმა პორტუგალიელი კოლეგა საქართველოში დაპატიჟა. თანამშრომლობის მემორანდუმს, ხელი სწორედ მისი ვიზიტის დროს მოეწერება.
საქართველოსა და ფინეთის განათლების მინისტრების შეხვედრა ლისაბონში, განათლების მინისტერიალის ფარგლებში შედგა, რომელიც პორტუგალიის მთავრობის ორგანიზებით ტარდება და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მინისტრები, პედაგოგთა კავშირების ლიდერები და განათლების ექსპერტები მონაწილეობენ. საქართველოს დელეგაციის წევრები არიან ასევე პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი მაია კობახიძე და საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის თანადამფუძნებელი არჩილ სუმბაძე.

Visited 152 times, 1 visit(s) today