მიხეილ ჯანელიძემ გერმანიის ანალიტიკურ ცენტრებთან გერმანიასთან თანამშრომლობაზე და ევროპის სივრცეში საქართველოს როლზე ისაუბრა

27/04/2017

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა გერმანიის ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან. კერძოდ მიხეილ ჯანელიძე ეწვია გერმანიის მეცნიერებისა და პოლიტიკის ცენტრს, ასევე აღმოსავლეთ ევროპისა და საერთაშორისო სწავლების ცენტრს. მინისტრმა ვრცლად ისაუბრა, როგორც საქართველო-გერმანიის ურთიერთობაზე, ასევე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე და ამ მიმართულებით ქვეყნის სამომავლო გეგმებზე.

საკუთარ გამოსვლაში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს, როგორც წარმატებული მოდერნიზაციის ქვეყნის მნიშვნელოვან როლზე რეგიონში, „დღეს აღმოსავლეთ ევროპაში მართლაც რთული ვითარებაა, შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ის წარმოადგენს ერთგვარ მოწინავე ფლანგს რუსეთის აგრესიისა თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ. ევროპული პროექტი იყო ყველაზე წარმატებული ჩანაფიქრი, რომელმაც მოუტანა მშვიდობა, განვითარება და სტაბილურობა ევროპის კონტინენტს, დღეს ეს ყველაფერი გამოწვევის წინაშეა. საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც თავის თავზე იწვნია რუსეთის აგრესია, შემდეგ უკრაინა, თუმცა ვინ იქნება ამის შემდგომ არავინ იცის. მიუხედავად გამოწვევებისა საქართველო განუხრელად მიისწრაფვის ევროპული ინტეგრაციისკენ, დემოკრატიული განვითარებისკენ, რომელსაც მოაქვს სტაბილურობა და განვითარება. საქართველო ამ წარმატებებით, არის ერთგვარი მისაბაძი მაგალითი აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონის ქვეყნებისთვის, რადგან ევროპულმა არჩევნებმა ჩვენ მოგვიტანა სტაბილურობა და განვითარება, ახალი შესაძლებლობები, როგორც ევროკავშირთან მიმართებაში, ასევე აზიის სახელმწიფოებთან ურთიერთობაში“-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ გერმანიის აღმოსავლეთ ევროპისა და საერთაშორისო სწავლების ცენტრში – ZOIS. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მდგომარეობას, რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას და საქართველოს მთავრობის ნაბიჯებს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისა და ომით დაშორიშებული მოსახლეობას შოროს ნდობის აღდგენის მიმართულებით.

გერმანიის აღმოსავლეთ ევროპისა და საერთაშორისო სწავლების ცენტრი – ZOIS 2016 წელს დაფუძნდა, რომელიც ორიენტირებულია აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკის საკითხებზე. გერმანიის მეცნიერებისა და პოლიტიკის ცენტრის წევრთა უმეტესობა კი დიდ გავლენას ახდენს გერმანიის საგარეო პოლიტიკის ფორმირებაზე, წარმოადგენს რა გერმანიის საგარო პოლიტიკის კვლევის ფუნდამენტურ ორგანიზაციას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0