მიხეილ ჯანელიძემ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება მიულოცა

02/03/2017

​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სამინისტროს თანამშრომლებს, განსაკუთრებით კი შესაბამის დეპარტამენტებსა და საელჩოებს, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებული რეგულაციის ხელმოწერა მიულოცა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს მინისტრმა სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ეს იყო ძალიან კომპლექსური პროცესი, რაც მოიცავდა როგორც ევროპულ სტრუქტურებთან მუშაობას, ქვეყნის შიგნით რეფორმების განხორციელების პროცესს, ასევე წევრ სახელმწიფოებთან აქტიურ მუშაობას.
მიხეილ ჯანელიძემ ამ მიმართულებით ხაზი გაუსვა სამინისტროსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ძალისხმევას.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თანამშრომლებთან შეხვედრისას ისაუბრა ამ პროცესის კვალდაკვალ ქვეყნის საბოლოო მიზანზე, რასაც ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა წარმოადგენს.

„ამ პროცესმა საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება და ამასთან ერთად, ჩვენი ევროპელი პარტნიორების დიდი ნდობა შესძინა. დღეს ჩვენ გვაქვს ერთსულოვანი, ცალსახა მხარდაჭერა, როგორც ევროპული სტრუქტურების, ასევე წევრი ქვეყნების მხრიდან. საქართველო აღიარებულია, როგორც სანდო პარტნიორი ევროპისთვის, როგორც ევროპისა და ევროპის უსაფრთხოების ნაწილი“ – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მინისტრმა სამინისტროს თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა გაწეული სამუშაოსათვის და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0