მიხეილ ჯანელიძემ სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის მეათე ყოველწლიურ სესიაში მიიღო მონაწილეობა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მეათე ყოველწლიურ სესიაში. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და სუამ-ის მნიშვნელობაზე, გასული წლის მიღწევებზე, სამომავლო გეგმებზე, ორგანიზაციის განვითარებასა და გაძლიერებაზე ისაუბრა.
მინისტრის განცხადებით სუამ-ის წევრების ხედვა ეფუძნება ოთხ ძირითად პრიორიტეტს, როგორიცაა ძლიერი პოლიტიკური კონსოლიდაცია, ეკონომიკური კეთილდღეობა, სექტორალური დაახლოება და ხალხთაშორისი კონტაქტების გამყარება.
მიხეილ ჯანელიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სუამ-ში საქართველოს თავმჯდომარეობის ხელშეწყობით ორგანიზაცია აქტიურად იყო წარმოდგენილი საერთაშორისო არენაზე. მინისტრის განცხადებით განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სუამ-ის ეკონომიკური ინტეგრაციისა და სატრანსპორტო-სატრანზიტო პოტენციალის ამაღლებას, ამ კონტექსტში მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა სუამ-ის თავისუფალი სავაჭრო ზონისა და სუამ-ის სატრანსპორტო დერეფნის ხელშეკრულების გაფორმება.
სიტყვით გამოსვლისას მინისტრი მიესალმა ბენელუქსის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის და ბალტიის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის მონაწილეობას აღნიშნულ ღონისძიებაში.

„სუამ-ის წარმატებები მუდმივი შრომისა და ძალისხმევის შედეგია. ამიტომაც, სუამ-ის ოთხივე წევრს გვაკავშირებს ერთსულოვნება და ძლიერი სწრაფვა, მჭიდრო ერთობლივი ძალისხმევით განვაგრძოთ ჩვენი საერთო მიზნების მიღწევა ისევე, როგორც საერთო გამოწვევებთან გამკლავება“ – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

დასასრულს, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მხარდაჭერა გამოუცხადა სამდივნოს, ასევე სუამ-ში მოლდოვის თავმჯდომარეობას და ამ მანდატის წარმატებით განხორციელება უსურვა.

Visited 105 times, 1 visit(s) today