მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ანდრეი გალბურთან

08/10/2017

​სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს საიუბილეო სხდომის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა მოლდოვას რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრთან ანდრეი გალბურთან.
მოლდოვას საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს სუამ-ის საიუბილეო მინისტერიალის ორგანიზებისთვის, რომლის ფარგლებშიც მინისტრებს საშუალება მიეცემათ შეაჯამონ ორგანიზაციის განვლილი საქმიანობა და იმსჯელონ სამომავლო გეგმებზე.
შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო საქართველო-მოლდოვას თანამშრომლობას ორმხრივ ფორმატში. აღინიშნა არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები, რაც მინისტრების შეფასებით კარგ საფუძველს ქმნის სექტორული მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებისა და კონკრეტული შედეგების მისაღწევად.
მინისტრებმა ხაზი გაუსვეს მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკის შენარჩუნების მნიშვნელობას, ამ კუთხით განიხილეს მოლდოვის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შესაძლებლობა საქართველოში.
ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-მოლდოვას პარტნიორულ თანამშრომლობას საერთაშორისო ფორმატების ფარგლებში. საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს და ორი ქვეყნის პარტნიორობას ამ მიმართულებით, მათ შორის განხილულ იქნა ბრიუსელში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის მოსამზადებელი საკითხები.
საქართველო როგორც სუამის თავმჯდომარე ქვეყანა მასპინძლობს სუამის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სპეციალურ სხდომას, რომელიც ორგანიზაციის დაფუძნებიდან მე-20 წლისთავს ეძღვნება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0