მიხეილ ჯანელიძე გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს შეხვდა

27/02/2018

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს ფილიპო გრანდის შეხვდა. შეხვედრა ჟენევაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა მაღალი სეგმენტის სესიის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ლტოლვილთა კომისარის ოფისთან საქართველოს წარმატებული თანამშრომლობა. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებასა და დევნილთა მდგომარეობის საკითხზე საუბრისას, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უმაღლეს კომისარს მიაწოდა ინფორმაცია საოკუპაციო რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებისა და საქართველოს კიდევ ორი მოქალაქის დაკავების შესახებ.
გაეროს უმაღლესმა კომისარმა მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო და აღნიშნა რომ მნიშვნელოვანია მომხდარზე რეაგირება, საკითხი განხილული უნდა იქნას შესაბამის ფორმატებში, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში.
შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მნიშვნელობას. დადებითად შეფასდა საქართველოს მთავრობის პოლიტიკა ომით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენისა და ჩართულობის შესახებ. ხაზი გაესვა პროგრესის მიღწევის საჭიროებას ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში, მათ შორის ჰუმანიტარულ საკითხებზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0