მიხეილ ჯანელიძე ესტონელ დეპუტატებს შეხვდა

15/07/2016

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში – “საქართველოს ევროპული გზა” მონაწილე ესტონელ პარლამენტარებს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა გამართა ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან კალლე პალლინგთან და ქეით პენტუს როსიმანუსს.

შეხვედრაზე მაღალი შეფასება მიეცა ორ ქვეყანას შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებს და უპრეცედენტოდ ნაყოფიერ თანამშრომლობას თითქმის ყველა სფეროში, მათ შორის თავდაცვისა და კიბურსაფრთხოების, განათლებისა და კულტურის, საგადასახადო სისტემის რეფორმების, სტრატეგიული კომუნიკაციების და სხვა მიმართულებებით.

ესტონელმა დეპუტატებმა დადებითად შეაფასეს საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროცესი და კიდევ ერთხელ დაადასტურეს ესტონეთის მზადყოფნა აქტიურად დაუჭიროს მხარი საქართველოს საერთაშორისო არენაზე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

აღინიშნა, რომ ესტონეთის პარლამენტი ერთ-ერთი პირველი იყო ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებს შორის, რომელმაც მოახდინა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ვიზალიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობაზე. ესტონელი დეპუტატების მხრიდან აღინიშნა, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა არის ის კონკრეტული შედეგი, რომელიც ხელს შეუწყობს ხალხთაშორისი კონტაქტების გააქტიურებას, ბიზნეს კავშირების ინტენსიფიკაციას და კულტურულ დაახლოებას

Tweet about this on TwitterShare on Facebook0