მიხეილ ჯანელიძე იან კელის შეხვდა

14/12/2017

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იან კელის. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები. მათ შორის საუბარი შეეხო ნატო-ს და ეუთო-ს მინისტერიალების შედეგებს და მინისტერიალების ფარგლებში საქართველოსთან მიმართებით დაფიქსირებულ მხარდაჭერას.
ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა ამერიკულ მხარეს საქართველოს მხარდაჭერისათვის, როგორც უშუალოდ ნატო-სა და ეუთო-ს მინისტერიალზე, ასევე სახელმწიფო მდივნის მხრიდან გაკეთებული საჯარო განცხადებებისათვის.
შეხვედრისას მხარეებმა მიმოიხილეს 2018 წლის ნატო-ს სამიტის მოსამზადებელი სამუშაოები და ქართული მხარის მოლოდინები აღნიშნული სამიტის შედეგებთან დაკავშირებით. საუბარი შეეხო ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 42-ე რაუნდის შედეგებს და ჟენევის ფორმატის მნიშვნელობას რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად შესრულებისა და ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების გადაწყვეტის თვალსაზრისით.
დასასრულს, მხარეებმა შეაჯამეს 2017 წელი ქართულ-ამერიკული ურთიერთობები და ხაზი გაუსვეს წლის განმავლობაში მიღწეულ არაერთ მნიშვნელოვან შედეგს, რამაც საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის უფრო მაღალ დონეზე აყვანა განაპირობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0