მიხეილ ჯანელიძე იაპონიაში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა

01/06/2017

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ტოკიოში ვიზიტის ფარგლებში იაპონიაში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა. შეხვედრა საქართველოს საელჩოში გაიმართა. იაპონიაში მცხოვრებ ქართველებს შორის ძირითადად სტუდენტები, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები და ბიზნესმენები არიან. შეხვედრაზე მინისტრმა ისაუბრა იაპონია-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზე, ტოკიოში მის ვიზიტზე და მიმდინარე შეხვედრებზე. საუბარი ასევე შეეხო დიასპორის საკითხებში სახელწმიფო სტრატეგიას და იმ სიახლეებს, რასაც საქართველოს მთავრობა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეების სამშობლოსთან უკეთ კავშირის უზრუნველსაყოფად და ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში მათი ჩართულობის მიმართულებით გეგმავს.
განსაკუთრებული ხაზი გაესვა აქ მცხოვრები ქართველების მნიშვნელოვან როლს იაპონიაში ქართული კულტურის პოპულარიზაციის, საქართველოს ცნობადობის ამაღლების საკითხში. შეხვედრის მონაწილეებმა მინისტრს გააცნეს ის ცალკეული პროექტები, რომელსაც ისინი ახორციელებენ იაპონიაში, მათ შორის არის ქართული კლასიკური ლიტერატურის თარგმანი, ქართული ენის სწავლების კურსები და ა.შ.
მინისტრმა მზადყოფნა გამოხატა მომავალშიც შეხვდეს იაპონიაში მცხოვრებ ქართველებს და ხელი შეუწყოს მათ როგორც დაგროვილი ცოდნის საქართველოში რეალიზაციის, ასევე იაპონიაში საქართველოს პოპულარიცაზიის პროცესში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0