მიხეილ ჯანელიძე კანადის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

22/03/2017

ვაშინგტონში გლობალური კოალიციის მინისტერიალის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე კანადის საგარეო საქმეთა მინისტრს კრისტინა ფრილანდს შეხვდა. მინისტრებმა განსაკუთრებულად ხაზი გაუსვეს საქართველოსა და კანადის მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერობას.
მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა კანადას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისთვის. აღინიშნა კანადის განსაკუთრებული მხარდაჭერა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.
მინისტრებმა ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარების მნიშვნელობაზე. სქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის აუცილებლობას და კოლეგა მინისტრი საქართველოში ვიზიტით მოიწვია. მინისტრები მიესალმნენ კანადაში 2016 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის გამართულ პოლიტიკურ კონსულტაციებს, რაც კარგი პლატფორმაა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარებისთვის. ქართულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა უმასპინძლოს მორიგ შეხვედრას თბილისში.
მინისტრებმა აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კარგი დინამიკა. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა მნიშვნელოვნად გაიზარდა და კანადა 2016 წელს გახლდათ საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი. მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა დაიწყონ მუშაობა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კომისიის შეხვედრის ორგანიზებისა და თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებაზე მოლაპარაკების დაწყების მიმართულებით. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა საქართველოს საინვესტიციო გარემოთი კანადის ბიზნეს წრეების დაინტერესების მნიშვნელობას, მინისტრები შეთანხმდნენ ამ მიმართულებით კონკრეტული პროექტების განხორციელებაზე.
აღინიშნა კანადის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ფარგლებში, მათ შორის მისი კონტრიბუცია არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში და საქართველოს დახმარება შეიარაღებული ძალების რეფორმირების და განვითარების მიმართულებით.
აღინიშნა ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობა საკანონმდებლო ხელისუფლების დონეზე. ამ მხრივ მინისტრებმა დადებითად შეაფასეს 2017 წელს საქართველოს, ხოლო 2016 წელს კანადის საკანონმდებლო ორგანოში კანადა-საქართველოს მეგობრობის ჯგუფების ჩამოყალიბება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0