მიხეილ ჯანელიძე კომპანია “ტოშიბას” ეწვია

31/05/2017

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და იაპონიას შორის ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების, მათ შორის რობოტიქსის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილება. ამ მიზნით დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები მაღალი ტექნოლოგიების სფეროში წამყვან იაპონურ კომპანიებთან.
31 მაისს მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა კომპანია „ტოშიბას“ საგარეო ურთიერთობათა გენერალურ მენეჯერთან იოშიტაკე იამაგუჩისთან. კომპანიაში ვიზიტის ფარგლებში ქართული მხარე გაეცნო კომპანიის საქმიანობას და წარმოებულ პროდუქციას. საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ბიზნეს და ეკონომიკურ გარემოს, საინვესტიციო კლიმატს. განხილული იქნა საქართველოში კომპანიის სამომავლო საქმიანობის შესაძლებლობები, მათ შორის ქვეყანაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებში „ტოშიბას“ მიერ წარმოებული თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების საკითხები.
ასევე გაიმართა შეხვედრა ტოკიოს უნივერსიტეტის ინდუსტრიულ მეცნიერებათა ინსტიტუტში. საქართველოს დელეგაცია დაინტერესდა რობოტიქსის მიმართულებით იაპონიაში არსებული ტენდენციებით და თანამშრომლობის შესაძლო სფეროებით. მინისტრმა ლაბორატორიის ხელმძღვანელობას გააცნო ტექნოლოგიების სფეროში საქართველოს შესაძლებლობები, გამოითქვა დაინტერესება საქართველოს ტექნოლოგიურ პარკთან შესაძლო თანამშრომლობაზე. ტოკიოს უნივერსიტეტში გამართული შეხვედრის დროს საუბარი ასევე შეეხო ტექნოლოგიური და მეცნიერების საკითხებში უმაღლეს სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობებს.
ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ასევე შეხვედრებს გამართავს კომპანია ჰიტაჩიში, იაპონიის რობოტიქსის ასოციაციაში, ტოკიოს მეცნიერებათა და მუზეუმში „მირიკანი“. ტექნოლოგიების სფეროში იაპონურ კომპანიებთან შეხვედრა გაიმართება ასევე იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციაში დაგეგმილი სესიის ფარგლებში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0