მიხეილ ჯანელიძე პორტუგალიის საგარეო უწყების დელეგაციას შეხვდა

06/04/2017

თბილისი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიიღო საქართველოსა და პორტუგალიას შორის თბილისში გამართულ ორმხრივ პოლიტიკურ კონსულტაციებში მონაწილე პორტუგალიური დელეგაცია, რომელსაც პორტუგალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკის გენერალური დირექტორი ფრანსიშკუ დუარტე ლოპეში ხელმძღვანელობდა.
შეხვედრის დასაწყისში, ბატონმა ლოპეშმა ხაზი გაუსვა საქართველო-პორტუგალიის პოლიტიკური კონსულტაციების ფორმატის მნიშვნელობას. ამასთან, კმაყოფილება გამოთქვა მინისტრის მოადგილესთან წარმატებული დისკუსიების გამართვის გამო.
მინისტრის დელეგაციასთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის არსებულ თანამშრომლობას ორმხრივ თუ მრავალმხრივ ფორმატში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო, საქართველოსა და პორტუგალიას შორის არსებული წარმატებული პოლიტიკური თანამშრომლობის ფონზე, ურთიერთობების გაღრმავებას ეკონომიკური მიმართულებით, აქცენტით ტურიზმის განვითარებაზე და პირდაპირი ფრენების განხორციელებაზე.
მინისტრმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა ევროკავშირის, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში პორტუგალიელების მხრიდან გამოხატული მხარდაჭერისთვის.
განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო თანამეგობრობის შემდგომი მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და 2017 წლის 9 აპრილს დაგეგმილი რეფერენდუმის დაუშვებლობაზე.
მინისტრთან შეხვედრისას, პორტუგალიურმა მხარემ კვლავ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი სრული მხარდაჭერა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0