მიხეილ ჯანელიძე საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებზე მომუშავე ქართველ ექსპერტებსა და მედიის წარმომადგენლებთან რეგულარულ შეხვედრებს განაგრძობს

06/10/2017

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებზე მომუშავე ქართველ ექსპერტებსა და მედიის წარმომადგენლებთან რეგულარულ შეხვედრებს განაგრძობს.
2017 წლის 6 ოქტომბერს მინისტრი მათ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ბოლო სამი თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.
მიხეილ ჯანელიძე მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრისას მიმოიხილავს პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავების კუთხით ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში გადადგმულ ნაბიჯებს, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით გაწეულ სამუშაოებს, ეკონომიკური დიპლომატიისა და საზღვარგარეთ ქვეყნის კულტურის წარმოჩენისათვის მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებს.
საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასევე ისაუბრებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებული მოვლენების, იქ არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ და ამასთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოების მობილიზების მიზნით საგარეო უწყების მიერ განხორციელებულ ქმედებებზე.
მინისტრი შეხვედრის მონაწილეებს ასევე გააცნობს ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ურთიერთობების გაღრმავების კუთხით სამინისტროს საქმიანობის დეტალებს და ამ მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებს. მინისტრი ასევე ისაუბრებს სხვა პრიორიტეტული მიმართულებებით განხორციელებული ქმედებების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ექსპერტებთან და მედიის წარმომადგენლებთან რეგულარული შეხვედრების ტრადიცია დაამკვიდრა, რომლის ფარგლებში, სამ თვეში ერთხელ მათ სამინისტროს მიმდინარე საქმიანობას აცნობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0