მიხეილ ჯანელიძე საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს შეხვდა

25/02/2017

​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებსა და ქმედებებს როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.
მიხეილ ჯანელიძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის, უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ვითარებაზე, ცხინვალის რეგიონისთვის სახელის შეცვლის თაობაზე 9 აპრილს დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმზე და აფხაზეთის რეგიონში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დაკეტვის პროცესზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ საოკუპაციო ძალის ქმედებები მიმართულია რეგიონების იზოლაციის გაზრდისკენ და კიდევ უფრო ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ისედაც მძიმე მდგომარეობას.
მინისტრმა ისაუბრა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკაზე და ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის პრინციპული პოზიციის და მხარდაჭერის მნიშვნელობას რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების პროცესში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0