მიხეილ ჯანელიძე სომეხ კოლეგას შეხვდა

11/04/2017

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც მან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში გამართა შეხვედრა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ედვარდ ნალბანდიანთან. მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი. კმაყოფილებით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული ინტენსიური პოლიტიკური დიალოგი, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით არსებული პროგრესი და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთქმედების დინამიკა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე, მათ შორის ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში.

“ჩვენ მივესალმებით იმ აქტიურ თანამშრომლობას და პოლიტიკურ კონტაქტებს ყველა დონეზე – პრეზიდენტების, პრემიერ-მინისტრების და სხვადასხვა კოლეგა მინისტრების ჩართულობით, რაც ხაზს უსვამს ჩვენს დიდ მოტივაციას და სურვილს, რომ გავაღრმაოთ ჩვენი თანამშრომლობა ყველა მიმართულებით, სადაც ამის შესაძლებლობა გვაქვს. წელს აღვნიშნავთ ორმხრივი ურთიერთობებისათვის მნიშვნელოვან, საიუბილეო თარიღს – დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს. ამ წლების განმავლობაში ერთობლივი მცდელობების შედეგად შესაძლებელი გახდა ნდობაზე დამყარებული ურთიერთ-სასარგებლო პარტნიორობის განვითარება“ – განაცხადა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე.

მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს გლობალური და რეგიონალური გამოწვევები. გაიცვალა მოსაზრებები მნიშვნელოვან პროცესებთან დაკავშირებით, მათ შორის საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მიმდინარეობა. მინისტრმა სომეხ კოლეგას მიულოცა ევროკავშირთან ჩარჩო ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკებების წარმატებული დასრულება.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს ასევე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან კარენ კარაპეტიანთან და სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან სერჟ სარგსიანთან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0