მიხეილ ჯანელიძე ქუვეითის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

13/02/2018

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ქუვეითში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ქუვეითის პრემიერ-მინისტრთან შეიხ ჯაბერ ალ მუბარაქ ალ ჰამედ ალ საბაჰთან.
შეხვედრაზე მხარეებმა დაადასტურეს საქართველოსა და ქუვეითს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები და ხაზი გაუსვეს ბოლო წლებში თანამშრომლობის უაღრესად პოზიტიურ დინამიკას მრავალი მიმართულებით. მხარეებმა დადებითად შეაფასეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ერთობლივი კომიტეტის შექმნა და იმედი გამოთქვეს, რომ 2018 წელს გაიმართება ჯგუფის პირველი შეხვედრა.
აღინიშნა ქვეყნებს შორის არსებული დიდი პოტენციალი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ განსავითარებლად და ხაზი გაესვა ამ მხრივ უკვე არსებულ დადებით შედეგებს. მნიშვნელოვნად გაიზარდა ქუვეითიდან ვიზიტორთა რაოდენობა, აღინიშნა, რომ ქუვეითში საქართველო მესამე ადგილზეა ტურისტული დანიშნულების ქვეყნებს შორის. დადებითად შეფასდა ქვეყნებს შორის საჰაერო მიმოსვლის სფეროში თანამშრომლობა, რომლის შედეგადაც გასული წლის ივლისიდან პირდაპირი ფრენები ხორციელდება ქუვეითიდან თბილისში.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა ინფორმაცია მიაწოდა ქუვეითის პრემიერ-მინისტრს საქართველოს მზარდი ეკონომიკური პროგრესის, ქვეყანაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული და საერთაშორისო სატრანზიტო პროექტების შესახებ. აღინიშნა ამ მიმართულებით ქუვეითის დაინტერესების მნიშვნელობა. მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა შეიხ ჯაბერ ალ მუბარაქ ალ ჰამედ ალ საბაჰს არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდის მიერ საქართველოს საგზაო სფეროს განვითარებაში გაწეული კონტრიბუციისთვის.
მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, მიესალმნენ გლობალური კოალიციის წარმატებებს ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაში. საქართველომ, როგორც კოალიციის წევრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი მხარდაჭერა საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. საქართველოს ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველოში არსებულ ვითარებაზე და ხაზი გაუსვა მთავრობის ძალისხმევას ქვეყანაში უსაფრთხო და სტაბილური გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა ორივე მხარის დაინტერესება განავითარონ შემდგომი თანამშრომლობა და ამ მხრივ აღნიშნეს მაღალი დონის შეხვედრებისა და ვიზიტების მნიშვნელობა. მიხეილ ჯანელიძემ ქუვეითის პრემიერ-მინისტრი საქართველოში მიიწვია.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმღვანელი 12-13 თებერვალს ქუვეითში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობას იღებს ისლამური სახელმწიფოს გლობალური კოალიციის შეხვედრაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0