მნიშვნელოვანია, გადაიდგას ნაბიჯები იმისკენ, რომ არჩევნები სრულად ასახავდეს ამომრჩევლის ნებას წარმომადგენლობით ორგანოებში

04/04/2017

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი კვალიფიციური ოპოზიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭოს სხდომას დაესწრო, რომელზეც 15 ოპოზიციური პარტიის მიერ წარმოდგენილი საპრეზიდენტო, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოდელის პრეზენტაცია გაიმართა.
გიორგი აბაშიშვილმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო და საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებების პროცესში პოლიტიკური პარტიების აქტიურ ჩართულობას ყოველთვის მიესალმება და მხარს უჭერს ამ პროცესს, რათა მივიღოთ ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც სრულად ასახავს მოსახლეობის სურვილებს წარმომადგენლობით ორგანოებში;
მისი განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების დროს კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა საკითხი, რამდენად რეალურად ასახავს დღევანდელი საარჩევნო სისტემა მოსახლეობის წარმომადგენლობას, შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოპოზიციური პარტიების მსაგვსი ტიპის ძალისხმევა, რათა გაუმჯობესდეს საარჩევნო სისტემა, როგორც პროპორციულ, ისე მაჟორიტარულ ნაწილში; ამ პროცესში მმართველი პოლიტიკური გუნდიც უნდა იყოს ჩართული.
რაც შეეხება საკონსტიტუციო კომისიასთან და კონსტიტუციასთან დაკავშირებულ საკითხებს, აბაშიშვილის განცხადებით, პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები, რომლებიც დღეს აქ ამ შეხვედრაზეც არიან წარმოდგენილნი და, ასევე არიან საკონსტიტუციო კომისიის წევრები, საქართველოს პრეზიდენტთან ერთად საკმაოდ აქტიურად არიან ჩართულნი კამპანიაში „კონსტიტუცია ყველასია“, სადაც არაერთ მნიშვნელოვან, აქტუალურ საკითხზე საუბრობს მოსახლეობა.
„ამიტომ მოსახლეობის მოსაზრებები უნდა იყოს გასათვალსიწინებელი საკონსტიტუციო კომისიისთვის ყველა დონეზე, მათ შორის იმ დროს, როდესაც იქნება საერთო სახალხო განხილვები საკონსტიტუციო კომისიის მიერ“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
15 ოპოზიციური პარტიის მიერ წარმოდგენილი საარჩევნო სისტემის მოდელის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო “რედისონში” გაიმართა და მას წარმოდგენილი პარტიების გარდა ექსპერტებიც ესწრებოდნენ. აღნიშნული მოდელი შემდეგმა პოლიტიკურმა პარტიებმა შეიმუშავეს – “ახალი მემარჯვენეები”, “ახალი საქართველო”, “ახალი ქრისტიან-დემოკრატები”, “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა”, “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო”, “ევროპელი დემოკრატები”, “ეროვნული ფორუმი”, “თავისუფალი დემოკრატები”, “თავისუფალი საქართველო”, “თავისუფლება”, “ლეიბორისტული პარტია”, “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის”, “პატრიოტთა ალიანსი”, “ტრადიციონალისტთა კავშირი” და “ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა”.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0