„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გავაძლიეროთ საერთაშორისო ძალისხმევა იმისთვის, რომ ამოქმედდეს სანქციები ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შეყვანილ პირთა მიმართ უკვე საერთაშორისო დონეზე და ამ კუთხით, ჩვენ, პარლამენტი, ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შესახებ განაცხადა. „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიის შესახებ მთავრობის დადგენილების პროექტი დღეს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომაზე წარადგინა.
ირაკლი კობახიძის თქმით, სია ოპოზიციასთან მჭიდრო კონსულტაციების საფუძველზე შედგა და ახლა საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება რომელთა ნაწილიც თავად მთავრობის დოკუმენტშია ასახული.
„პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ეს დოკუმენტი, ასევე, შეიცავს მითითებას საპარლამენტო რეზოლუციაზე, რომლითაც დამტკიცდა სწორედ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შესახებ დებულება. ეს სია არის უკვე შედგენილი საქართველოს მთავრობის მიერ. ამ სიაში არის ასახული ჩამონათვალი იმ ადამიანებისა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანის უფლებების უხეშ ხელყოფაში. ეს სია შედგენილია ოპოზიციასთან მჭიდრო კონსულტაციების საფუძველზე და ახლა არის შესაბამისი ზომების მიღება საჭირო. ეს ზომები, ნაწილობრივ, თავად მთავრობის დოკუმენტში არის ასახული. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, გავაძლიეროთ საერთაშორისო ძალისხმევა იმისთვის, რომ ამოქმედდეს სანქციები ამ პირთა მიმართ უკვე საერთაშორისო დონეზე. ამ კუთხით, ჩვენ, პარლამენტი, ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ“,- განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.