„მოკავშირე ძალების ფონდის“ დირექტორი თავდაცვის სამინისტროში

28/03/2016

„მოკავშირე ძალების ფონდის“ დირექტორი საქართველოს თავდაცვის უწყებას ეწვია. სტიუარტ ტეილორი საქართველოს თავდაცვის მინისტრს თინათინ ხიდაშელსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს შეხვდა. შეხვედრას გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე და დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი პაატა პატიაშვილი დაესწრნენ.

მხარეებმა დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერის მიზნით განსახორციელებელი სამომავლო პროექტები განიხილეს. აღნიშნული პროექტები ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში შესრულდება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მზრუნველობა ერთიანი სისტემის ფარგლებში უნდა განხორციელდეს. ამ მიზნით, გასულ კვირას მთავრობის სხდომაზე გადაწყდა, შეიქმნას „დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის ფონდი“. ფონდის ფორმირება უკვე დაწყებულია, მმართველ საბჭოში ბრიტანელი და ამერიკელი ექსპერტები იქნებიან, რომლებიც თავიანთ ქვეყნებში აღნიშნულ მიმართულებებს ხელმძღვანელობენ.

„დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა უნდა იყოს ზუსტად ისეთი, როგორიც დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროშია. ეს ადამიანები სამხედრო მოსამსახურეები არიან და მიუხედავად მძიმე ჭრილობებისა, მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, სამხედრო ფორმაში სრულფასოვნად ემსახურონ საკუთარ ქვეყანას. ამ პროექტების მიზანიც, სწორედ, ეს არის – ერთი მხრივ, ამ ადამიანების ოჯახებს ჰქონდეთ განცდა, რომ მათ სოციალურ უსაფრთხოებას არაფერი ემუქრება და, მეორე მხრივ, გავუჩინოთ მათ შესაძლებლობა საკუთარი ცოდნა და გამოცდილება, მათ შორის საბრძოლო, დანარჩენ შეიარაღებულ ძალებს მოახმარონ ,”- აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერის მიზნით საქართველოს თავდაცვის სამინისტროში უკვე მოქმედებს „დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტი“, რომელიც აღნიშნული მიმართულების მენეჯმენტს ახორციელებს. სამხედრო მოსამსახურეების ზრუნვის ფარგლების გაფართოებისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, მოლაპარაკებებს საერთაშორისო პარტნიორებთან აწარმოებს.

„ამ ინიციატივის ფარგლებში პარტნიორებთან ერთად ძალიან ბევრი პროექტი იგეგმება. ამერიკის შეერთებული შტატების და დიდი ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებს დიდი გამოცდილება აქვთ დაჭრილ მეომრებზე მზრუნველობის თვალსაზრისით. ეს გამოცდილება საქართველოში მაქსიმალურად და სრულფასოვნად უნდა გადმოვიტანოთ. დიდი იმედი მაქვს, გასულ კვირას მთავრობის მიერ სპეციალური ფონდის დაფუძნების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება მოტივაციას გაუჩენს საქართველოს, ქართულ ბიზნესს, საქართველოში მოღვაწე კეთილი ნების ადამიანებს, რომლებსაც აქვთ გაცნობიერებული, რომ მათი სამხედრო მოსამსახურეები, რეალურადაც, „მათი სამხედრო მოსამსახურეები“ არიან. ისინი ამ ქვეყნის მზრუნველობის საგანი და ობიექტი უნდა იყვნენ. მეორე მხრივ, აღნიშნული ინიციატივა აჩენს ინსტრუმენტს, რომ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა უფრო ეფექტიანად და სწრაფად მიიღონ გადაწყვეტილებები დახმარების შესახებ,” – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

„მოკავშირე ძალების ფონდის“ დირექტორთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ამ თემაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრი შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენლებს შეხვდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0