მოლდოვას დელეგაციის ვიზიტის მთავარი მიზანი იყო კარგად გაცნობოდნენ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობას

13/06/2017

მოლდოვას საარჩევნო ადმინისტრაციისა და პარლამენტის წევრები საქართველოს საარჩევნო სისტემას და საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობას ეცნობიან. დელეგაციის წევრები ცენტრალური საარჩევნო კომისიის და სწავლების ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ და სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა მათ საარჩევნო ადმინისტრაციისა და სწავლების ცენტრის მუშაობის ძირითადი მიმართულებები, განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნეს.
„მოლდოვას დელეგაციის ვიზიტის მთავარი მიზანი იყო კარგად გაცნობოდნენ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობას იმ საგანმანათლებლო პროგრამების, ტრენინგების, სერტიფიცირების პროცესის ჭრილში, რომელსაც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ახორციელებს. ეს იყო ძალიან პოზიტიური შეხვედრა. ვფიქრობ, გამოცდილების ურთიერთგაზიარება მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ასევე ჩვენი მოლდოველი კოლეგებისთვის“, – აღნიშნა თამარ ჟვანიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
დელეგაციის ხელმძღვანელის, მოლდოვას საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ალინა რუსუს თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცესკოს სწავლების ცენტრის გამოცდილების გაზიარება.
„ჩვენ განსაკუთრებით გვაინტერესებს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სასწავლო ცენტრის გამოცდილება, თუ როგორ ხდება საგანმანათლებლო ტრენინგების განხორციელება. ჩვენი სასწავლო ცენტრი მოქმედებს 2012 წლიდან და გვაქვს გარკვეული გამოცდილება, მაგრამ ყოველთვის ძალიან საინტერესოა სხვისი გამოცდილების გაზიარება და სწორედ ამიტომ ჩამოვედით საქართველოში“, – განაცხადა ალინა რუსუმ.
სასწავლო ვიზიტის ფარგლებში მოლდოვას საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ცესკოს იურიდიული დეპარტამენტისა და საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელებსაც შეხვდნენ და ამომრჩეველთა საგანმანათლებლო პროგრამებში საოლქო საარჩევნო კომისიების ჩართულობაზე იმსჯელეს. დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს საქართველოს პარლამენტშიც. დელეგაციის წევრებს ასევე შეხვდებიან რუსთავისა და გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები.
დელეგაციის ვიზიტი, რომლის შემადგენლობაშიც არიან მოლდოვას საარჩევნო ადმინისტრაციის, საარჩევნო ტრენინგცენტრის წარმომადგენლები და პარლამენტის წევრები, საქართველოში 12 ივნისს დაიწყო და 16 ივნისს დასრულდება. სასწავლო ვიზიტი ევროპის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0