„მომავალი წელი ძალიან აქტიური იქნება ნატო-საქართველოს ურთიერთობებში“ – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროინტეგრაციის კომიტეტების წევრებთან უწყების ბოლო ორი თვის საქმიანობის შეჯამებისას განაცხადა.
მიხეილ ჯანელიძემ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობა, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხები და მომავალ წელს დაგეგმილი მაღალი დონის ერთობლივი ღონისძიებები განიხილა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაისში გაიმართება ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა, ამისათვის ჩვენ ყველა ერთად ვემზადებით. ნატო-ს გენერალური მდივანიც აპირებს ამ ღონისძიებაში მონაწილეობას, ამიტომ წლის პირველი ნახევარი ძალიან აქტიური იქნება ნატოსთან ჩვენი თანამშრომლობის. იგეგმება იანვარში ნატო-საქართველოს ერთობლივი კომისია, რომელზეც წარდგენილი იქნება სახელმწიფო მინისტრის მიერ ყოველწლიური სამოქმედო გეგმა და მისი შესრულება, თებერვალში ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალი, სადაც ჩვენ ასევე მივიღებთ აქტიურ მონაწილეობას და მოთხოვნილი გვაქვს ასევე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა თავდაცვის მინისტრის მონაწილეობით, მარტში დაგეგმილია ნატო-ს სამხედრო კომისიის ვიზიტი საქართველოში, რომელიც ასევე შეაფასებს ჩვენს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებს“ – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
მომავალი წელი ძალიან აქტიური იქნება ნატო-საქართველოს ურთიერთობებში
Visited 114 times, 1 visit(s) today