მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პრესკონფერენცია გამართა

25/10/2017

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც მედიას დეტალურად გააცნო ის ფაქტორები, რამაც განაპირობა კომიტეტის აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება.
“როგორც მოგეხსნებათ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ყოველი მეორე სხდომის შემდეგ ჩვენ ვმართავთ პრესკონფერენციას და ფართო საზოგადოებას ვაცნობთ კომიტეტზე მიღებულ გადაწყვეტილებას. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2017 წლის 25 ოქტომბერს რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა 7.0 პროცენტზე. მიმდინარე წლის განმავლობაში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა ნარჩუნდება, თუმცა მესამე კვარტალის განმავლობაში ის პროგნოზირებულთან შედარებით მცირედით დაბალი იყო.
აქვე კიდევ ერთხელ მსურს მნიშვნელოვანი განმარტება გავაკეთო ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს წერტილოვანი ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი, რაც ნიშნავს, რომ პოლიტიკის განხორციელების დროს ყოველთვის ვუმიზნებთ საშუალოვადიან პერიოდში 3%-იან ინფლაციას. თუმცა იმის, გამო რომ შოკები მუდმივად ხდება ინფლაცია ყოველთვის განსხვავებული იქნება მიზნობრივი დონისგან, ის მიზნობრივ მაჩავენებლზე უფრო მაღალი და ზოგჯერ უფრო დაბალი იქნება. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ინფლაციის თარგეთი არის 3% ჩვენ არ ვგულისხმობთ ინფლაციას 0-3%-მდე, ანუ 3 პროცენტი არ არის ზღვარი, არამედ ვგულისხმობთ ინფლაციას 3%-თან ახლოს. ამასთან როგორც უკვე აღვნიშნე ფაქტობრივი ინფლაცია ეგზოგენური შოკების გამო ზოგჯერ 3%-ზე მაღალი ხოლო ზოგჯერ 3%-ზე დაბალი იქნება.
სექტემბერში სამომხმარებლო ფასების ინდექსის წლიურმა ზრდამ 6.2 პროცენტი შეადგინა, საიდანაც თამბაქოს პროდუქტებისა და საწვავის წვლილი 2.5 პროცენტულ პუნქტს შეადგენს. ინფლაციის მაჩვენებლის ეს დონე დროებითია. არსებული პროგნოზით, ინფლაცია წლის ბოლომდე მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება, როგორც ადრევე გვქონდა დაანონსებული, თუმცა შემცირების დინამიკა ექნება და მომავალი წლის დასაწყისში, დროებითი, ერთჯერადი ფაქტორების ამოწურვასთან ერთად, სამპროცენტიან მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იქნება. ამასთანავე, ბოლო პერიოდის განმავლობაში ინფლაციური მოლოდინები არ შეცვლილა და ფასების ზრდაზე დამატებით ზეწოლას არ ქმნის.
აღნიშნულის გათვალისწინებით, პოლიტიკის დამატებითი რეაგირების საჭიროება დღესდღეობისთ არ იკვეთება. თუკი ადგილი არ ექნება დამატებით შოკებს, საშუალოვადიან პერიოდში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეტაპობრივად შემცირდება და მის ნეიტრალურ დონეს დაუახლოვდება.
2017 წლის დასაწყისიდან სახეზეა ეკონომიკური აქტივობის გაუმჯობესება. წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის რვა თვის განმავლობაში ეკონომიკის ზრდა 4.7 პროცენტი იყო. შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.5 პროცენტამდე გაზარდა. ეკონომიკური აქტივობის აღნიშნული წახალისება მნიშვნელოვანწილად განაპირობა საგარეო სექტორის გაუმჯობესებამ, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისიდან გამოიკვეთა და ამ ეტაპზეც ნარჩუნდება. მაღალი ტემპით ზრდას განაგრძობს როგორც საქონლის ექსპორტი, ასევე შემოსავლები ტურიზმიდან. კვლავ მატულობს ფულადი გზავნილების მოცულობაც, თუმცა საგარეო შოკამდე არსებულ დონეს ის ჯერ კიდევ ჩამორჩება. ამასთან, ზომიერად იზრდება იმპორტი. მიუხედავად გაუმჯობესებული აქტივობისა, შიდა მოთხოვნა და ზოგადად ეკონომიკური აქტივობა კვლავ პოტენციურ დონეზე ნაკლები რჩება და, შესაბამისად, ინფლაციაზე მოთხოვნის მხრიდან ზეწოლის რისკებს არ ქმნის”, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
დღევანდელ პრესკონფერენციაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მედიის შეკითხვებს უპასუხა და ლარის კურსის ბოლოდროინდელ გაუფასურებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.
“არავისთვის არის ახალი, რომ საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რაც ნიშნავს, რომ კურსი იმოძრავებს ორივე მიმართულებით – ზოგჯერ გაუფასურების და ზოგჯერ გამყარების მიმართულებით. დღესაც ბაზარზე მიმდინარეობს ჩვეულებრივი პროცესი. ამავე დროს, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ეროვნულმა ბანკმა წინასაარჩევნოდ გააკეთა ინტერვენცია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ზაფხულის შემდეგ სებ-ს ინტერვენცია არ განუხორციელებია. როდესაც სები სავალუტო ბაზარზე ერევა ამის შესახებ ინფორმაცია მეყსეულად აისახება სებ-ის ოფიციალურ ვებგვერდზე. ამავე დროს, ზოგადად მინდა ვთხოვო ყველას, რომ ასეთ სენსიტიურ საკითხთან დაკავშირებით კარგი იქნება, თუ განცხადების გაკეთებამდე სიფრთხილეს გამოვიჩენთ. როდესაც გვინდა, რომ ზუსტად განვსაზღვროთ, რა ფაქტორებმა იმოქმედა, ყველაზე კარგი საშუალებაა, რომ საგადასახდელო ბალანსს შევხედოთ. თუ დღევანდელ სიტუაციას შევხედავთ, ფუნდამენტური ფაქტორები გაუმჯობესებულია, ექსპორტი იზრდება, ასევე იზრდება ფულადი გადმორიცხვები, თუმცა ის საგარეო შოკამდე არსებული დონეს ჯერ ისევ ჩამორჩება. ასევე იზრდება შემოსავლები ტურიზმიდან, მაგრამ არსებობს სხვა ფაქტორები და ერთ-ერთი მათგანი არის მოლოდინები”, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0