მოსამართლეებთან საარჩევნო საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

22/09/2017

რაიონული, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლეები საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პირებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად საარჩევნო საკითხებს განიხილავენ. სამდღიანი სამუშაო შეხვედრა დღეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ხელმძღვანელმა ჟერომ ლეღომ და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის მრჩეველი სამართლის საკითხებში გაელ მარტინ მიკალეფმა გახსნეს. როგორც თამარ ჟვანიამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები, საერთაშორისო გამოცდილება საარჩევნო დავებთან მიმართებაში, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საარჩევნო კამპანია და ოპერაციები, – ეს ის თემებია, რომლებსაც სამუშაო შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ. „დღევანდელი შეხვედრა ცესკოს და უზენაესი სასამართლოს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია. საარჩევნო ადმინისტრაციის და ცესკოს როლი ცალსახად არის ის, რომ ჩვენ მოსამართლეებს გავაცნოთ მხოლოდ ის საკანონმდებლო მოცემულობა, სიახლეები, რომლებიც 2017 წლის არჩევნებისთვის გვაქვს, როგორც საკანონმდებლო ჩარჩო, და ასევე საარჩევნო ადმინისტრაციის ის ნორმატიული აქტები, რომლებიც მოქმედია და მუშაობს ამ არჩევნებისთვის. დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი ერთობლივი სამუშაო შეხვედრა იქნება ძალიან შედეგიანი“,-განაცხადა თამარ ჟვანიამ. „საარჩევნო პროცედურების უკეთ წარმართვის მიზნით ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ. საარჩევნო დავების ადმინისტრირების მიმართულებით საერთო სასამართლოების როლი არის უმნიშვნელოვანესი და სასამართლოების ზედამხედველობის ფუნქციის შესრულება საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, ეს არის საწინდარი წარმატებული არჩევნების ჩასატარებლად. ამდენად, კოორდინაცია ცესკოსა და საერთო სასამართლოების სისტემას შორის ამ ეტაპზე, არჩევნების წინა პერიოდში, არის განსაკუთრებული როლის მატარებელი”,- აღნიშნა ნინო გვენეტაძემ. სამდღიან შეხვედრაზე ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის, ისე უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლები და საერთაშორისო პრაქტიკას მიმოიხილავენ ექსპერტები შვეიცარიის ფედერალური სასამართლოდან, საფრანგეთის სახელმწიფო საბჭოდან და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან. შეხვედრას ცენტრალური საარჩევნო კომისია საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან ერთად, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES), ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის, საქართველოში საფრანგეთის და შვეიცარიის საელჩოების თანადაფინანსებით ახორციელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0