მოსამართლეები ძალიან სახიფათო პროცესებს უყრიან საფუძველს

07/06/2016

ის კაცი, ვინც ქვეყანას მართავს, არ არის ჯანმრთელად და შესაბამისად, არც ქვეყანაა ჯანმრთელად, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს სააპელაციო სასამართლოში განუცხადა, რითაც ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
როგორც მან აღნიშნა, ივანიშვილის პრესკონფერენცია უფრო კომიკური იყო, ვიდრე ”რუსთავი 2”-ის საქმეზე დღეს მიმდინარე სასამართლო პროცესი.

„არ მეგონა ამ სასამართლოზე კომიკურს თუ რამეს ვნახავდი, თუმცა ივანიშვილის დღევანდელი პრესკონფერენცია, უფრო კომიკური სანახაობა იყო. არ ვართ ჯანმრთელად – არც ის კაცია ჯანმრთელად, ვინც ამ ქვეყანას მართავს და შესაბამისად არც ქვეყანაა ჯანმრთელად, არც ეს ქალები, მოსამართლეებს მათ ვეღარ ვუწოდებთ, ვინც პროცესზე არიან, არ არიან ჯანსაღად“, – განაცხადა
გვარამიამ.

რაც შეეხება უშუალოდ სასამართლო დავას, როგორც ”რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, მოსამართლეები თავისუფალ მედიაზე ძალადობენ.

„მე ვფიქრობ, რომ ქვეყანაში ძალიან ცუდად მიდის ყველაფერი. ვხედავთ, რომ აბსოლუტურად არაადეკვატურია ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან მიმართებაში ის ადამიანი, ვინც ამ ქვეყანას მართავს – ამ შემთხვევაში ივანიშვილს ვგულისხმობ. ცხადია, ვერ იქნებიან ადეკვატურები მისი მორჩილი ყმები. მოსამართლეები ძალიან სახიფათო პროცესებს უყრიან საფუძველს. ისინი ძალადობენ თავისუფალ მედიაზე და ძალადობა არასდროს არ წარმოშობს საპასუხოდ რაიმე კარგს. პირიქით, წარმოშობს ცუდს. ვფიქრობ, ეს მცდელობები ძალიან ცუდად დამთავრდება. ”რუსთავი 2” მაინც იმაუწყებლებს, როგორიც დღეს არის, ისეთი იქნება არჩევნების დროს და ის აუცილებლად აჩვენებს ამ მოძალადეების დამარცხებას“, – განაცხადა გვარამიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0