მოსწავლეებში შრომითი უნარების განვითარებისთვის ახალი პროგრამა ამოქმედდა

24/11/2017

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, პროფესიული და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობით, სკოლის მოსწავლეებში შრომითი უნარების განვითარების პროგრამას ახორციელებს, რომლის საფუძველზეც, მოსწავლეებს საშუალება აქვთ მოსინჯონ სხვადასხვა პროფესია, დაეუფლონ და განავითარონ საჭირო საბაზო უნარები. პროგრამა საშუალებას აძლევს საგანმანათლებლო დაწესებულებებს გაერთიანდნენ და თანამშრომლობის გზით, ჩვენი მოსწავლეების სასკოლო ცხოვრება გახადონ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი.
შრომითი უნარების კურსს ტანსაცმლის მოდელირებასა და სურსათის უვნებლობის საკითხებში დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში დაესწრო და მოსწავლეებს გაესაუბრა.
პროექტი ემსახურება სკოლის მოსწავლეებში პროფესიული პროგრამების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდასა და პროფესიული განათლების პოპულარიზაციას. პროგრამაში მონაწილეობა არის ნებაყოფლობითი და მასში ამ ეტაპზე ჩართულნი არიან საჯარო სკოლების VII, VIII და IX კლასის მოსწავლეები.
მოსწავლეებში შრომითი უნარების განვითარების კურსების განხორციელებისათვის, კონკურსის საფუძველზე შეირჩა 200 პროექტი, რომელიც განხორციელდება 138 საჯარო სკოლაში. შესაბამისად შრომითი უნარების განვითარების გაკვეთილებში/კურსებში ჩაერთვება 3306 მოსწავლე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0