მოქმედი კონსტიტუცია, სხვადასხვა თვალსაზრისით, არის დაუხვეწავი

21/06/2017

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, საკონსტიტუციო ცვლილებების კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის შედეგები შეაფასა, რომელიც საქართველოში ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ოთხთვიან საქმიანობაზე ისაუბრა.
„მოქმედი კონსტიტუცია, სხვადასხვა თვალსაზრისით, არის დაუხვეწავი, უამრავი ტექნიკური ხარვეზით და შინაარსობრივი პრობლემით. კონსტიტუციურ ორგანოებს შორის კომპეტენციები ბუნდოვნად არის გამიჯნული, განსაკუთრებით კი საქართველოს მთავრობასა და პრეზიდენტს შორის. დაუბალანსებელი სახით არის მოწესრიგებული ხელისუფლების შტოებს შორის ურთიერთობები. არის უამრავი კონკრეტული ნორმა, რომელიც ნებისმიერ თავში არა ერთ შინაარსობრივ ხარვეზს შეიცავს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი განცხადებით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას საქართველოს პარლამენტმა ორი კონკრეტული მიზანი დაუსახა – ეს იყო კონსტიტუციის სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა სამართლებრივ პრონციპებთან და დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის სისტემის ჩამოყალიბება. „სწორედ ამ ორ მიზანს ემსახურება ის დოკუმენტი, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება რომ პრეამბულა, როგორც ისტორიული ნაწილი უცვლელად დარჩენილიყო.
პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება ძირითად საყოველთაო-სახალხო განხილვების დროს მოსახლეობის მხრიდან ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე გაამახვილა.
„საქმე ეხებოდა პრეზიდენტის არჩევნებს, რომელთან დაკავშირებითაც გამოთქმული იყო მოსაზრებები. ასევე, გარკვეული კითხვები უკავშირდებოდა პრეზიდენტის უფლებამოსილებებს. საარჩევნო სისტემა იყო ერთ-ერთი საკვანძო საკითხი, სადაც ყურადღება არსებითად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე იყო გამახვილებული. ასევე, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებაზე. გამოიკვეთა ორი ძირითადი საკითხი, რომლის მიმართ საზოგადოებას განსაკუთრებული ემოციური დამოკიდებულება ჰქონდა, ეს იყო კონსტიტუციის დონეზე ქორწინების დეფინიციის დაზუსტება და მიწის განკარგვის საკითხის, კონსტიტუციური სამართლებრივი მოწესრიგება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყნის მთავარი კანონის ცალკეულ თავებზე დეტალურად ისაუბრა.
მისი თქმით, პირველი თავის ცალკეული მუხლები სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპს, სახელმწიფო სიმბოლოებს, დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს, სოციალური სახელმწიფოსა და ეკონომიკური თავისუფლების პრინციპებს ეხება.
მან ტერიტორიული მოწყობის საფუძვლებთან დაკავშირებით განხორციელებულ ცვლილებებზეც ისაუბრა.
ირაკლი კობახიძის თქმით, მნიშვნელოვანი დამატებებია თვითმმართველობებთან დაკავშირებით, სადაც გაზრდილია ადგილობრივი თვითმმართველობის დამოუკიდებლობის გარანტიები. „პირველი თავში ასახულია ოთხი ფუნდამენტური პრინციპი რომელსაც კონსტიტუციის ახალი რედაქცია ეფუძნება. ეს არის დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს, სოციალური სახელმწიფოს და ეკონომიკური თავისუფლების პრინციპები“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ადამიანის ძირითად უფლებებთან დაკავშირებით განხორციელებულ ცვლილებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი. „ამ მუხლში ჩნდება ადამიანის ღირსების ძირითადი უფლება, გაზრდილია სტანდარტები თანასწორობის კუთხით და წარმოდგენილია გენდერული თანასწორობის უფლება, დაცულია შშმ პირთა უფლებები და ინტერესები. ასევე, ეს მუხლი ადგენს ინტერნეტის ხელმისაწვდომობის ძირითად უფლებას, საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას და ა. შ. ეს არის ის ძირითადი უფლებები, რომელიც აისახება ქვეყნის ძირითად კანონში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამნტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პარლამენტთან დაკავშირებით დოკუმენტში წარმოდგენილია მთელი რიგი მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც პარლამენტს აძლიერებს, როგორც ერთ-ერთ უმთავრეს და საკვანძო კონსტიტუციურ ორგანოს ამ მმართველობის სისტემაში. მან ხაზი გაუსვა ისეთ მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომელიც საპარლამენტო ცხოვრებაში აძლიერებს ოპოზიციის როლს. „შემოდის საგამოძიებო კომისიის შექმნის ახალი წესი, რომლის მიხედვითაც საპარლამენტო ოპოზიციას ენიჭება დროებითი საგამოძიებო კომისიების შექმნის შესაძლებლობა. ასევე, დგინდება ფრაქციების შექმნის წესი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მან განსაკუთრებული ყურადღება საარჩევნო სისტემაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ძირითად ტექსტში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაზეა საუბარი. მან ე.წ. ბონუს სისტემაზეც ისაუბრა. დოკუმენტში ბონუსის დანამატის სამი ძირითადი ელემენტია წარმოდგენილი. ეს არის 5%-იანი საარჩევნო ბარიერი, რომელიც არ იცვლება, უქმდება ბლოკის ინსტიტუტი და ე.წ. ბონუსი, რომელიც მომხსენებლის განმარტებით, ფართო განხილვის საგანი იყო. „საუბარი იყო სხვადასხვა თეორიულ ვარიანტებზე. ჩვენ გადავწყვიტეთ მკაცრი ზღვარი დაგვეწესებინა ბონუსისთვის, რომელიც არის სამი სახით დაწესებული. პირველი არის აბსოლუტური ზედა ზღვარი, რაც ნიშნავს იმას რომ ბონუსის ხარჯზე პარტიამ არ უნდა მიიღოს 89 მანდატზე მეტი, მეორე არის ფარდობითი ზედა ზღვარი, ანუ ძირითადი მანდატების 35%-ს არ უნდა გადააჭარბოს დამატებითი მანდატების რაოდენობამ და მესამე, ეს არის აბსოლუტური ქვედა ზღვარი, რაც ნიშნავს იმას რომ თუ პარტიას აბსოლუტურ უმრავლესობამდე – 76 ხმამდე არ ევსება მანდატების რაოდენობა ასეთ შემთხვევაში ბონუსი აზრს კარგავს და ის არ განაწილდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მომხსენებელმა პრეზიდენტის არჩევის წესსა და უფლებამოსილებებზეც ისაუბრა. მისი თქმით, უცვლელი რჩება როგორც საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი ასევე, პრეზიდენტის კომპეტენციები. მან ყურადღება გაამახვილა იმ ცვლილებაზე, რომელიც უზენაესი სასამართლოს წევრების წარდგენის კომპეტენციას ეხება. „ვენეციის კომისიის 2010 წლის რეკომენდაცია იყო რომ ეს კომპეტენცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადასულიყო. ეს ვენეციის კომისიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, შემდეგ უკვე მოიწონა შესაბამისი ცვლილება. იურიდიული მოსაზრებებიდან გამომდინარე ეს კომპეტენცია გადადის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. მეორე ცვლილება ეროვნული უშიშროების საბჭოს ეხება. ეს საბჭო არის აბსოლუტურად არაქმედითი ორგანო, რისი მიზეზიც დღევანდელი კონსტიტუციაა რადგან ეს აბსოლუტურად არასწორი ფორმითაა მოწესრიგებული“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით იცვლება პრეზიდენტის არჩევის წესი და პირდაპირიდან არაპირდაპირზე გადასვლა ხდება.
„გარდამავალ დებულებებში წარმოდგენილია ნორმა, რომლის მიხედვით საკონსტიტუციო ცვლილებები ამოქმედდება ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან, რაც ნიშნავს იმას, რომ 2018 წელს საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა პირდაპირი წესით და არაპირდაპირი არჩევის წესი მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებიდან ამოქმედდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მან იმ ცვლილებებზეც ისაუბრა, რომელიც კონსტიტუციურ კანონში მთავრობასთან მიმართებაში განიხილება.
მისი თქმით, მოქმედი კონსტიტუციის ერთ-ერთი სუსტი მხარე საქართველოს მთავრობაა. უკიდურესად იყო გართულებული უნდობლობის პროცედურა. რასთან დაკავშირებითაც ვენეციის კომისიას განსაკუთრებული შენიშვნები ჰქონდა. „აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის ყველა შენიშვნა და რეკომენდაცია წარმოდგენილ დოკუმენტშია ასახული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ზოგადად მთავრობის, როგორც ანგარიშვალდებულების ისე პასუხისმგებლობის ხარისხი საქართველოს პარლამენტის მიმართ იზრდება.
ირაკლი კობახიძის თქმით, მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის, სასამართლო ხელისუფლებასა და პროკურატურის თავში.
„საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით არ იცვლება ფორმირების წესი. ერთადერთი აქ ჩვენ ვიზიარებთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, რომლის მიხედვითაც დადგენილი უნდა იყოს კვალიფიციური უმრავლესობა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების არჩევისთვის. ეს კვალიფიციური უმრავლესობა კი განსაზღვრულია 90 დეპუტატით. ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, კვალიფიციური უმრავლესობით არჩევის წესი ეხება სახალხო დამცველსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევის წესსაც. ცვლილებები ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციებს. მნიშვნელოვანია, რომ ჩატარებული არჩევნების არაკონსტიტუციურად გამოცხადების კომპეტენცია ექნება საკონსტიტუციო სასამართლოს. დოკუმენტის თანახმად დადგენილია, რომ უზენაესი სასამართლო უნდა შედგებოდეს 28 მოსამართლისგან. დღეს წარმოდგენილია 13 მოსამართლე და მათი რაოდენობის გაზრდა მნიშვნელოვანია რადგან უზრუნველყოფილი იყოს ამ ორგანოს ქმედითი ფუნქციონირება“, – განაცხადა მომხსენებელმა. მისივე თქმით, იცვლება მოსამართლეების წარდგენის წესიც. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით, პარლამენტი ირჩევს უზენაეს სასამართლოს მოსამართლეს უვადოდ, ხოლო თავმჯდომარეს წევრთაგან 10 წლის ვადით, ირჩევს საქართველოს პარლამენტი. „ვენეციის კომისიის რეკომენდაციით პარლამენტი ამ პროცედურიდან უნდა იყოს გამორიცხული, თუმცა ჩვენი აზრით, არ იქნება მისასალმებელი პარლამენტისთვის ამ უფლებამოსილების შეკვეცა. უმჯობესია პარლამენტი კვლავაც იყოს ჩართული ასეთი ტიპის გადაწყვეტილების მიღებაში და გაინაწილოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ გადაწყვეტილებების მიღებისას, თუმცა, ამაზე შეგვიძლია კიდევ ვიმსჯელოთ“, – მიმართა კოლეგებს ირაკლი კობახიძემ. როგორც მან აღნიშნა, ხდება აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემიდან პროკურატურის გამოყოფა და როგორც დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოს ჩამოყალიბება. „ვფიქრობ ეს ცვლილება ხელს შეუწყობს პროკურატურის დამოუკიდებლობის ხარისხის კიდევ უფრო ამაღლებას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
სახელმწიფო ფინანსები და კონტროლის თავზე საუბრისას ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მეშვიდე თავში ბიუჯეტთან და გადასახადებთან დაკავშირებული ცვლილებებია შესული სადაც ახალი რედაქცია საბიუჯეტო წლის კალენდარულ წელთან დამთხვევას აუცილებელი წესით არ ითვალისწინებს.
მომხსენებელმა ადგილობრივი თვითმმართველობის თავზე საუბრისას აღნიშნა, რომ დამატებულია უმნიშვნელოვანესი გარანტიები, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის გარანტიებს შეესაბამება.
ირაკლი კობახიძის თქმით, ახალი რედაქციით შემოღებულია ე.წ. პლურალური ვოტუმის პრინციპი, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელია 2/3 უმრავლესობით კონსტიტუციის მიღება „ეს გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა დამტკიცდეს შემდეგი მოწვევის პარლამენტის მიერ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ ¾-ის უმრავლესობით კომნსტიტუციის მიღება“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მან ქვეყნის მთავარ დოკუმენტში საქართველოს საგარეო პრიორიტეტების ასახვაზეც გაამახვილა ყურადღება. „მეთერთმეტე თავი შეიცავს მხოლოდ ერთ ნორმას, რომელიც კონსტიტუციური ორგანოების ვალდებულებას ადგენს, მიიღონ ყველა ზომა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. ჩვენი ქვეყნის საგარეო პრიორიტეტი უკვე ასახულია ქვეყნის მთავარ დოკუმენტში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, ეს კანონი მომდევნო არჩევნებში არჩეული პრეზიდენტის ფიცის დადებისთანავე ამოქმედდება. მომხსენებლის ინფორმაციით, ასევე განსაზღვრულია, მთელი რიგი კანონები რომლებიც ორგანული კანონის სტატუსს იძენს.
პარლამენტის თავმჯდომარემ კონკრეტული ნორმების ამოქმედების ვადებზეც ისაუბრა. მისი თქმით, საპარლამენტო ფრაქციების შექმნის შესახებ დადგენილი ახალი შეზღუდვები არ ამოქმედდება პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე. ასევე, ძირითადი ტექსტიდან გარდამავალ დებულებებში გადმოტანილია ნორმა, რომელიც გადასახადების შემოღებას და გადასახადების გაზრდას უკავშირდება. ამ ნორმის ამოქმედება 12 წლიანი გადავადების დათქმით არის წარმოდგენილი.
ირაკლი კობახიძის განცხადებით სამართლებრივ პრინციპებთან კონსტიტუციის ახალი რედაქციის სრული შესაბამისობა ვენეციის კომისიამ უკვე დაადასტურა. „ვენეციის კომისიის მიერ წარმოდგენილი იყო 23 რეკომენდაცია საიდანაც 21 უპირობოდ გავიზიარეთ. გაუზიარებელი დარჩა მხოლოდ ორი რეკომენდაცია. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენასთან დაკავშირებული რეკომენდაციით, პარლამენტი უნდა ამოირიცხოს და მეორე, საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული რეკომენდაციით, პარლამენტს უნდა ჰქონდეს მთავრობის მიერ წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტში ცვლილების შეტანის შესაძლებლობა მთავრობის თანხმობის გარეშე. ჩვენი აზრით ეს მენეჯმენტის, მათ შორის პოლიტიკური მენეჯმენტის ლოგიკას ეწინააღმდეგება. მიგვაჩნია, რომ ეს არა თუ გააძლიერებს პარლამენტს არამედ პირიქით დაასუსტებს მას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, დღევანდელი პროცედურა აგებულია კონსენსუსის პრინციპზე. „ეს არის ბევრად უფრო სწორი და ლოგიკური პროცედურა. იმ შემთხვევაში თუ პარლამენტს ექნება მთავრობის მიერ წარმოდგენილ პროექტში ნებისმიერი ცვლილება მთავრობის დაუკითხავად განახორციელოს დაირღვევა ის ლოგიკა, რაზეც არის დაფუძნებული პარლამენტისა და მთავრობის ურთიერთობები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0