მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა პოლიტიკური დიალოგის

21/03/2017

„მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა პოლიტიკური დიალოგისა და რეგიონული თანამშრომლობის ამ ნამდვილად უპრეცედენტო ფორმატში ძალიან ფართოდ გვემსჯელა ჩვენი ქვეყნების წინაშე არსებული საერთო გამოწვევების შესახებ და გვემსჯელა ამ გამოწვევების გადაჭრის გზებზე“,-ასე მიმართა დამსწრეებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს, ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებთან ერთად განცხადების გაკეთებისას.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მასმედიის წარმომადგენლებს ჟურნალისტების საერთაშორისო დღე მიულოცა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა. ირაკლი კობახიძემ ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციების ვიზიტი ისტორიულ მოვლენად კიდევ ერთხელ შეაფასა.
მისი განცხადებით, სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნების რვიანი საპარლამენტო დიპლომატიის ძალიან მძლავრი და ეფექტური მექანიზმია, რომელიც პარლამენტარებს, ყველა შესაძლო ფორმატში, დიალოგის გაფართოების შესაძლებლობას აძლევს.
„ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრების, მეგობრობის ჯგუფების, საპარლამენტთაშორისო პროგრამების და საერთაშორისო ფორუმების ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობის გზით, ასევე, საპარლამენტო ურთიერთობების გაძლიერებით შეგვიძლია, ამ ფორმატში ხელი შევუწყოთ ჩვენს ქვეყნებს შორის უკვე არსებული ძალიან პოზიტიური, ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას და შემდგომ განვითარებას. მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა პოლიტიკური დიალოგისა და რეგიონული თანამშრომლობის ამ ნამდვილად უპრეცედენტო ფორმატში ძალიან ფართოდ გვემსჯელა ჩვენი ქვეყნების წინაშე არსებული საერთო გამოწვევების შესახებ და გვემსჯელა ამ გამოწვევების გადაჭრის გზებზე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, პარლამენტის დღის წესრიგსა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობაზე ისაუბრეს.
„ სტუმრებს გავაცანით გეგმები, რომელიც დაკავშირებული პარლამენტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერებასთან. გავაცანით ჩვენი ხედვები ამ მიმართულებით. კიდევ ერთხელ, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს, საიმედო პარტნიორებს საქართველოში ჩამობრძანებისთვის და ჩვენი სუვერენიტეტის, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის ძალიან მყარი და ურყევი მხარდაჭერისთვის. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საერთო ღირებულებებსა და პრინციპებზე დაყრდნობით, ერთობლივი ძალისხმევით, გავაგრძელებთ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საქმეში და ხელს შევუწყობთ დემოკრატიის, სამოქალაქო საზოგადოების გენდერული და სოციალური თანასწორობის პრინციპების დამკვიდრებას და კიდევ უფრო გაძლიერებას ჩვენს სახელმწიფოებში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციების ხელმძღვანელებმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადეს. მათ ერთხმად აღნიშნეს ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია. საქართველოში წარმატებით განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე საუბრისას, სპიკერებმა და ვიცე-სპიკერებმა ხაზგასმით აღნიშნეს ის წარმატება, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ კორუფციასთან ბრძოლისა და ეკონომიკური რეფორმების განხორციელების კუთხით მიაღწია. პარლამენტების თავმჯდომარეებმა და ვიცე-სპიკერებმა ისაუბრეს იმ კონტრიბუციაზეც, რომელიც საქართველოს საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში შეაქვს. მათივე განცხადებით, ეს კონტრიბუცია თვალნათლივ აჩვენებს საქართველოს მყარ პოზიციას, გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურების სრულფასოვანი წევრი .დანიის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის, ნორგეგიის, ფინეთის, ისლანდიისა და შვედეთის საპარლამენტო დელეგაციებმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაც მიულოცეს. ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ეიკი ნესტორმა საქართველოსადმი ესტონეთის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა და განაცხადა, რომ მიმდინარე წლის მეორე ნახევარში ესტონეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება. მისივე თქმით, ნოემბერში დაგეგმილია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი. „ვფიქრობთ, რომ თქვენს ქვეყანასთან თანამშრომლობა ძალიან წარმატებული იქნება. ამ სამიტზე ბევრ ახალ იდეას წარმოვადგენთ. წარმატებებს ვუსურვებთ საქართველოს“,- აღნიშნა ეიკი ნესტორმა.
ერთობლივი განცხადების გაკეთებისას, ხაზგასმით აღინიშნა, რომ ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნები მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. სტუმრებმა ისაუბრეს გუშინ, შიდა ქართლში, ადმინისტრაციული ზოლის მონახულებისა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ოფისში გამართული შეხვედრის შესახებაც.
ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებმა და ვიცე-სპიკერებმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მზად არიან საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის და ქვეყნის მტკიცე მხარდაჭერას გააგრძელებენ.
ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციების ვიზიტი საქართველოში გრძელდება.
დღეს რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებმა და ვიცე-სპიკერებმა შეხვედრები საქართველოს პარლამენტში გამართეს.
საპარლამენტო დელეგაციები უკვე შეხვდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, საგარეო და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტებსა და ფრაქციების წარმომადგენლებს. დღესვე, პარლამენტების თავმჯდომარეებმა პრესისთვის ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0