მოხარული ვართ, რომ მაიკ პენსი პირველივე ევროპული ტურნეს ფარგლებში საქართველოს ესტუმრება

31/07/2017

ჩვენ მოხარული ვართ, რომ ბატონი მაიკ პენსი, პირველივე ევროპული ტურნეს ფარგლებში, საქართველოს ესტუმრება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტის მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა.
მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტი ნიშნავს იმას, რომ საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის არის მტკიცე მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი.
„დღეს თბილისს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტი მაიკ პენსი ეწვევა. როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის მაისში საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის ოფიციალური შეხვედრა ვაშინგტონში გაიმართა, რომლის დროსაც, გიორგი კვირიკაშვილმა მაიკ პენსი საქართველოში მოიწვია. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ბატონი პენსი, პირველივე ევროპული ტურნეს ფარგლებში, საქართველოს ესტუმრება .
ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ვიცე პრეზიდენტის ტურნე ევროპაში, საქართველოსთან ერთად იმართება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ესტონეთი და მონტენეგრო. ეს ნიშნავს, რომ საქართველო აშშ-ის მხრიდან აღიქმება , როგორც მტკიცე მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი. ამაზე მეტყველებს ის გზავნილი, რომელიც გაჟღერდა ვიცე პრეზიდენტის მხრიდან, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები, საქართველო და მონტენეგრო არიან ამერიკის მოკავშირეები აღმოსავლეთ ევროპაში და ამერიკა არის და დარჩება ამ ქვეყნების გვერდით თავისუფლების დასაცავად“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0