მოხარული ვართ, რომ პარლამენტი ააქტიურებს თავის საზედამხედველო ფუნქციას, რისკენაც პრეზიდენტი მუდმივად მოუწოდებდათ

25/07/2017

მოხარული ვართ, რომ პარლამენტი ააქტიურებს თავის საზედამხედველო ფუნქციას, რისკენაც პრეზიდენტი მუდმივად მოუწოდებდათ, – ასე პასუხობს პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე სახელმწიფო აუდიტის დასკვნას, რომელიც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ხარჯებს ეხება.
მისივე თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ყოველთვის ღიაა სახელმწიფო თანხის ხარჯვასთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით.
მიშველაძის განცხადებით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ანგარიში ყოველწლიურად ქვეყნდება პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე, გარდა ამისა ფინანსთა სამინისტრო აქვეყნებს კვარტლურ ანგარიშს.
”ზოგადად, ჩვენ მივესალმებით ასეთ ინტერესს ამ საკითხის მიმართ, განსაკუთრებით საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან და მოხარული ვართ, რომ პარლამენტი ააქტიურებს თავის საზედამხედველო ფუნქციას, რისკენაც პრეზიდენტი მუდმივად მოუწოდებდათ. იმედი გვაქვს, რომ დეპუტატები ასეთივე დიდ ყურადღებას დაუთმობენ და დაინტერესდებიან სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების, სახელისუფლებო უწყებების, ფონდების თანხების ხარჯვის მიზნობრიობით, ტენდერების გამჭვირვალობით და ამომწურავად გაეცემა პასუხი ყველა იმ შეკითხვას, რომელიც ამ თემებთან დაკავშირებით არსებობს მედიასა და საზოგადოებაში”, – აღნიშნა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0