მსჯავრდებულისთვის ფსიქოტროპული ნივთიერების გადაცემის ფაქტი გამოვლინდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პენიტენციურ დაწესებულებაში სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მსჯავრდებულისთვის აკრძალული საგნის – ფსიქოტროპული ნივთიერების გადაცემის ფაქტი გამოვლინდა. ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 378 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით ბრალდება წარედგინა N18-ე პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო ნაწილის ექიმ-თერაპევტ ე.კ.,-ს. პენიტენციურ დაწესებულებაში აკრძალული საგნის – ფსიქოტროპული ნივთიერების შეძენა, შენახვა და მოხმარების ფაქტზე კი, ბრალდება წარედგინა ამავე დაწესებულებაში მოთავსებულ, წარსულში არაერთხელ ნასამართლევ მსჯავრდებულ დ.ს.-ს – დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 378 სეკუნდა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
გამოძიებით დადგინდა, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის №18-ე მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილის ექიმ-თერაპევტმა ე.ხ.-მ, ამავე დაწესებულების თერაპიის განყოფილებაში მოთავსებულ მსჯავრებულ დ.ს.-სთვის გადასაცემად, დაწესებულების ტერიტორიაზე ფარულად შეიტანა აკრძალული საგანი – ფსიქოტროპული ნივთიერება „დიაზეპამი“, რომლის ნაწილიც სხვადასხვა დროს, მორიგეობისას, ფარულად გადასცა დ.ს.-ს. დარჩენილი ნაწილი კი, თავის სამუშაო ოთახში შეინახა. დასახელებული ფსიქოტროპული ნივთიერების ნაწილი ამოღებულია მსჯავრდებულ დ.ს.-ს საკნის ჩხრეკისას, ხოლო დარჩენილი ნაწილი ექიმ-თერაპევტ ე.ხ.-ს სამუშაო ოთახის ჩხრეკისას.
საქმეზე გამოძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით და ამავე კოდექსის, 378 სეკუნდა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით აწარმოებს.

Visited 189 times, 1 visit(s) today