მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, 22 მოსწავლე ლატვიაში ახალგაზრდულ ბანაკში გაემგზავრება

16/05/2017

ბორჯომელი მოსწავლეები ზაფხულში ლატვიის ქალაქ მადონას საერთაშორისო ახალგაზრულ ბანაკში გაემგზავრებიან. პროექტი დამეგობრებული ქალაქების ბორჯომისა და მადონას მუნიციპალიტეტების ერთობლივი ინიციატივით განხორციელდება. ვიზიტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოსწავლეებსა და მათი სკოლების ხელმძღვანელებს პირადად გააცნო ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა. როგორც მან აღნიშნა, ბორჯომისა და მადონას მუნიციპალიტეტებს რამდენიმე წლიანი ნაყოფიერი ურთიერთობა აკავშირებთ და ეს ინიციატივაც ამ ორმხრივი თანამშრომლობის შედეგია.
„ბანაკში 22 მოსწავლე 5 მასწავლებელთან ერთად ივლისის თვეში გაემგზავრება. მოსწავლეები ყველა საჯარო სკოლიდან მაღალი აკადემიური მოსწრების მიხედვით შეირჩნენ. ვფიქრობთ, ეს იქნება კარგი საჩუქარი ახალგაზრდების წასახალისებლად. მათ საშუალება ეძლევათ საზაფხულო ბანაკში არდადეგები შინაარსიანად გაატარონ. ისინი გაიცნობენ და დაუმეგობრდებიან უცხოელ თანატოლებს და გაუზიარებენ ერთმანეთს საკუთარი ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებს“- აღნიშნა გამგებელმა.
მადონას საერთაშორისო ახალგაზრდულ ბანაკში ქართველი ახალგაზრდები ლატვიელ, ფრანგ და გერმანელ მოსწავლეებთან ერთად 1 კვირას გაატარებენ.
მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ღონისძიებაში, მოინახულებენ ნაკრძალებს, ღირშესანიშნაობებს, დაათვალიერებენ საწარმოებს, ეწვევიან ქალაქებს იურმალასა და რიგას. მონაწილეებს ელით ემოციებით დატვირთული სათავგადასავლო პროგრამა.
ბორჯომი და მადონა დამეგობრებული ქალაქების სტატუსს 2013 წლის 25 აგვისტოდან ატარებენ. ამ ხნის განმავლობაში ორ ქალაქს შორის მჭირდო ურთიერთობა ჩამოყალიბდა. მუნიციპალიტეტების ინიციატივით, პერიოდულად ხდება საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში გამოცდილების გაზიარება და ორმხრივი პროექტების განხორციელება.
მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას მუნიციპალიტეტი მომავალშიც გააგრძელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0