მცხეთა-მთიანეთში წყალმომარაგება კიდევ ოთხი სოფლის მოსახლეობას გაუუმჯობესდება

01/05/2019

მცხეთის, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში – კოტორაანთკარში, ანანურში, ციხისძირში და გორანაში სასმელი წყლის სისტემებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. პროექტის ფარგლებში სოფლებში სათავე ნაგებობები, ჭაბურღილები და მაგისტრალური ქსელი მოეწყობა. შესასრულებელი სამუშაოების ჯამური ღირებულება 407 300 ლარს შეადგენს. წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციის პროექტი „ინვესტიციებისა და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების“ მხარდაჭერით და ამერიკული საქველმოქმედო ორგანიზაციის „LDS Charities” დაფინანსებით ხორციელდება, ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსების პრინციპით.

„ქართული და ამერიკული მხარეების ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად წყალმომარაგება რეგიონის კიდევ ოთხი სოფლის მოსახლეობას გაუუმჯობესდება. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს თანადგომისთვის და სამომავლოდ კიდევ უფრო აქტიური თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოვხატო“ – აღნიშნა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ.

ამერიკული დონორი ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით, ბოლო წლების განმავლობაში, რეგიონის მასშტაბით წყლის პროექტები არმაზის დასახლებაში, ქსოვრისში, ახალდაბაში, აღდგომლიანთკარში, ბიწმენდში, ნავდარაანთკარში, ოძისში, ბულაჩაურში, ჩანადირთკარში, ჟებოტაში და თეგერაანებში განხორციელდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0