მცხეთის მუზეუმის პროექტი მომზადდა

21/01/2016

2015 წელს,საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და დაფინანსებით მცხეთის მუზეუმის პროექტი მომზადდა.

დღეისათვის მოლაპარაკებები დასრულებულია და 2016 წელს, მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელშეწყობით და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მუზეუმის მშენებლობა დაიწყება.

პროექტი ასევე დადებითად არის შეფასებული იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და მისი მრჩეველი ორგანიზაციის – „ICOMOS”-ის მიერ.

ობიექტი მდებარეობს ქ. მცხეთის ცენტრალურ ნაწილში, სამთავროს დედათა მონასტრის მიმდებარედ. კინოთეატრი გამორჩეული ნაგებობაა თავისი მდებარეობითა და მოცულობით. მნიშვნელოვანია,რომ მის სივრცეში განთავსებულია კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი – ე.წ. არაგვის კარი, გვიანდელი ანტიკური და ადრინდელი ფეოდალური ხანის მცხეთის ზღუდე-გალავანში დატანებული ერთ-ერთი ძირითადი კარიბჭე. იგი წარმოადგენს ჩვენი წინაპრების სამშენებლო ხელოვნების მნიშვნელოვან ნიმუშს. აღნიშნული ობიექტი გამოვლინდა 1965 წელს მცხეთაში კინოთეატრის მშენებლობისას და არქიტექტორთა გადაწყვეტილებით შესულია კინოთეატრის მოცულობაში. მცხეთის კინოთეატრი წარმოადგენს მე-20 საუკუნის 70-ან წლებში აგებულ კაპიტალურ ორსართულიან გეგმარებაში სწორკუთხა ფორმის ნაგებობას სარდაფით, რომელიც მეოცე საუკუნის მნიშვნელოვან არქიტექტურულ შენობას წარმოადგენს.

პროექტირების დროს გათვალისწინებული იყო ისტორიული ობიექტის მნიშვნელობა და პრიორიტეტული იყო მისი დაცვა. პროექტით გათვალისწინებულია ჩრდილოეთისა და სამხრეთის მხრიდან არსებულ შენობაზე ახალი მოცულობების მიშენება, რომლებშიც განთავსდება საპროექტო მოცემულობით მოთხოვნილი სათავსოები: ადმინისტრაციული ნაწილი, საგანმანათლებლო ზონა, საგამოფენო სივრცეები და ა.შ. დასავლეთის მხრიდან უნდა გაფართოვდეს არსებული სარდაფი, რომელშიც განთავსდება ობიექტის ტექნოლოგიური აღჭურვილობა და ფონდსაცავი (ქვის, კერამიკის, მინის, ლითონის საცავი ; ეთნოგრაფიული და სახვითი ხელოვნების საცავი; ნუმიზმატიკა). აქვეა განთავსებული ექსპონატების მოსამზადებელი ოთახი, სადეზინფექციო კამერა და სველი წერტილი. ჩრდილოეთის მხრიდან მოეწყო კიბის უჯრედი და ლიფტი, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ მუზეუმის პერსონალისათვის.
პროექტით გათვალისწინებულია არსებული ნაგებობიდან ძველი ორქანობიანი სახურავის დაზიანებული ხის კონსტრუქციის მოხსნა და ბრტყელი გადახურვის მოწყობა, მაქსიმალური თბო და ჰიდროსაიზოლაციო უზრუნველყოფით.
შენობას გააჩნია ორი შესასვლელი, ერთი მოემსახურება მუზეუმის ვიზიტორებს, ხოლო მეორე – პერსონალს.
ცენტრალური შესასვლელი, რომელიც უზრუნველყოფილია პანდუსით უნარშეზღუდული ადამიანებისათვბის, მოეწყო შენობის სამხრეთ მინაშენში. აქვე განთავსდა სუვენირების მაღაზია, სალარო, გიდებისა და დაცვის ოთახები, გარდერობი. ვესტიბიულში შენარჩუნებულია არსებული მრგვალი კიბე, რომლის შუაში მოეწყო მინის ლიფტი უნარშეზღუდული ადამიანებისთვის. ვესტიბიულიდან ვიზიტორს შეუძლია მოხვდეს ძველ კარიბჭესთნ. არსებული შენობის ჩრდილოეთ ნაწილში განთავსდა მუზეუმის ადმინისტრაცია, რომელიც გამიჯნულია შენობის დანარჩენი ნაწილისგან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0