მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს

10/08/2017

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს. ამ დღეებში, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთა – მთიანეთის გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგებლები მუხრანს ესტუმრნენ და მშენებარე I საბავშვო ბაღი დაათვალიერეს. მუხრანი საქართველოში მოსახლეობის რაოდენობით ერთ -ერთი დიდი სოფელია, რომელსაც ადგილმდებარეობისა და სკოლამდელი ასაკის ბავშვების რაოდენობის გათვალისწინებით ორი საბავშვო ბაღი ემსახურებოდა. მოძველებული და ამორტიზებული შენობები, სადაც ბავშვები დადიოდნენ, თანამედროვე მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდნენ. ამიტომ 2013 წლიდან მუხრანის I საბავშვო ბაღის აღსაზრდელები ქსოვრისის კეთილმოწყობილ საბავშვო ბაღში გადაიყვანეს ახალი ბაღის აშენებამდე, ხოლო მოგვიანებით მუხრანის II საბავშვო ბაღიც შეუერთდა მათ, რადგან 2016 წელს ამ ბაღის რეკონსტრუქცია – რეაბილიტაციაც დაიწყო. ამჟამად მუხრანის II საბავშვო ბაღი დასრულებულია და აღსაზრდელთა ნაკადს ახალი სასწავლო წლიდან მიიღებს. მუხრანის I საბავშვო ბაღი, რომელიც სხვადასხვა ასაკის 6 ჯგუფზეა გათვლილი, მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს დასრულდება. იგი საქართველოში ერთ – ერთი დიდი და ინფრასტრუქტურით გამორჩეული ბაგა-ბაღი იქნება, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით და ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით შპს ,,დიკა 2010“ აშენებს. მშენებლობის მთლიანი ღირებულება 1 653 676 ლარია. სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის 2012 წლიდან მცხეთის მუნიციპალიტეტში სამი ახალი ბაღი აშენდა, თერთმეტ ბაღს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია და კეთილმოეწყობის სამუშაოები. ამჟამად კი მიმდინარეობს მუხრანის I და ნატახტრის ბაღების მშენებლობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0