მცხეთის მუნიციპალიტეტში ორი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

18/09/2017

მცხეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ კულტურისა და სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანებამ ახალი სააღმზრდელო წელი ორი ახალი საბავშვო ბაღის გახსნით აღნიშნა. წეროვნის ახალი ბაგა-ბაღისა და მუხრანის რეაბილიტირებული II საბავშვო ბაღის საზეიმო გახსნას მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთა-მთიანეთის მხარის გუბერნატორი, ლევან ზაუტაშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, მადონა ჯიქია, მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი, გოჩა ქავთარაძე, ადმინისტრაციული ერთეულების თავკაცები, საკრებულოს დეპუტატები და ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სტუმრებმა დამსწრე საზოგადოებას ახალი ბაღების გახსნა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
სოფელ წეროვანში, 4 ასაკობრივ ჯგუფზე გათვლილი ახალი ბაგა-ბაღი, სადაც ამჟამად 83 აღსაზრდელია რეგისტრირებული, რეგიონული განვითარების პროექტების ფონდის მიერ დაფინანსდა და მის ასაშენებლად 574 305 ლარი დაიხარჯა.
237 000 ლარი მოხმარდა მუხრანის მე-2 საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას, რომელმაც აღსაზრდელთა ნაკადი 5 ასაკობრივ ჯგუფზე მიიღო, სადაც პატარებს ახალი სასწავლო – აღმზრდელობითი წლის დაწყება საზეიმოდ განახლებულ გარემოში მოუწიათ.
ახალგახსნილ წეროვნისა და მუხრანის II საბავშვო ბაღები, ისევე, როგორც მუნიციპალიტეტის ყველა სკოლამდელი დაწესებულება, აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურით, ავეჯით, ინვენტარით და ყველა პირობაა შექმნილი მოზარდების ღირსეული აღზრდისთვის. ახალ სკოლამდელ დაწესებულებებში დასაქმდა პერსონალი ადგილობრივი მოსახლეობიდან, რაც სოციალური ფონის გაუმჯობესებას გამოიწვევს აღნიშნულ სოფლებში.
აღსანიშნავია, რომ 2012 წლიდან მცხეთის მუნიციპალიტეტში სულ სამი ახალი საბავშვო ბაღი აშენდა, თერთმეტ ბაღს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია და კეთილმოწყობის სამუშაოები. ამჟამად კი მიმდინარეობს მუხრანის I და ნატახტრის საბავშვო ბაღების მშენებლობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0