მცხეთის მუნიციპალიტეტში რეკრეაციული სივრცეების კეთილმოწყობის პროცესი გრძელდება

27/10/2023

მცხეთის მუნიციპალიტეტში რეკრეაციული სივრცეების კეთილმოწყობის პროცესი გრძელდება. აღნიშნული მიმართულებით, მიმდინარე წელს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით 3 მილიონ ლარამდე ღირებულების 10-მდე პროექტი განხორციელდა. მათ შორისაა ქსნის სკვერი. პროექტის ფარგლებში, სოფელში მოეწყო საბავშვო გასართობი მოედანი ატრაქციონებითა და ფანჩატურით, დაირგო სხვადასხვა სახის ხე-მცენარე, დამონტაჟდა სავარჯიშო ტრენაჟორები, მოსასვენებელი სკამები და ჩატარდა ყველა სხვა საჭირო სამუშაო. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ ნახევარ-მილიონ ლარამდე შეადგინა. სოფელ ქსანში სკვერის კეთილმოწყობის დასრულებული სამუშაოები მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად მოინახულეს.

“რეკრეაციული სივრცეების შექმნა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია, რადგანაც გვსურს, რომ ყველა თაობის ადამიანს, განსაკუთრებით კი პატარებს, ჰქონდეთ დასვენების, განტვირთვისა და გართობის საშუალება. რა თქმა უნდა, საკითხი მნიშვნელოვანია ეკოლოგიური თვალსაზრისითაც. სწორედ ამიტომ, აღნიშნული მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა სკვერების როგორც სამშენებლო, ასევე სარეაბილიტაციო სამუშაოები. ერთ-ერთი ასეთი პროექტი განხორციელდა სოფელ ქსანში, სადაც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სივრცე მოეწყო. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით სამუშაოები მომავალშიც ინტენსიურად განხორციელდება,” – აღნიშნა დავით ნოზაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0