საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირმა ქავთარაძემ მონაწილეობა მიიღო მწვანე ეკონომიკის პოლიტიკის პროექტის დოკუმენტის განხილვაში. შეხვედრა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ იყო ორგანიზებული და მისი მიზან წარმოადგენდა აღნიშნული დოკუმენტის ძირითადი დასკვნებისა და რეკომენდაციების განხილვა შესაბამის დაინტერესებულ ჯგუფებთან ერთად.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. შეხვედრის მონაწილეთა მხრიდან აქცენტი გაკეთდა მწვანე ეკონომიკის განვითარების კუთხით საქართველოს დიდ პოტენციალზე. ამასთან, შეხვედრის მონაწილეთა მხრიდან აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით სხვადასხვა მიდგომა არსებობს, მათ შორის ერთ-ერთი გულისხმობს გარემოზე ეკონომიკური საქმიანობით გამოწვეული ზემოქმედების გამოყენებას და დანახარჯების შემცირებას, რაც ინვესტიციებს უფრო ეფექტურს გახდის.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ შეხვედრაზე საქართველოში მწვანე ეკონომიკის პოლიტიკის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც ირმა ქავთარაძემ აღნიშნა, ცოტა ხნის წინ საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგია, სადაც ასევე საწარმოების გამწვანება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. რაც შეეხება მწვანე ეკონომიკის პოლიტიკას, ის წამახალისებელი ფაქტორი იქნება იმისთვის, რომ საქართველოში ახალი ეკონომიკური სექტორები და ახალი ტიპის სამუშაო ადგილები შეიქმნას. „დღეს ჩვენ წარმოვადგენთ მწვანე ეკონომიკის პოლიტიკის პროექტის დოკუმენტს, შემდეგში განხორციელებული იქნება შესაბამისი სტრატეგია და სამოქმედი გეგმა. ეს საქართველოს ხელს შეუწყობს, რომ ინვესტიციები მოიზიდოს როგორც სხვა ქვეყნებიდან, ასევე დიდი საერთაშორისო ფონდებიდან იმისთვის, რათა საქართველოში მწვანე ეკონომიკის წახალისება მოხდეს და ამით ქვეყნის ყველა მოქალაქე მიიღებს სარგებელს”, – განაცხადა ირმა ქავთარაძემ.
მწვანე ეკონომიკის პოლიტიკის პროექტის განხილვა
Visited 201 times, 1 visit(s) today