„ნადირობის შესახებ“ ახალი კანონპროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

21/02/2017

დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში „ნადირობის შესახებ“ ახალი კანონპროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. მომზადდა პროექტი, რომელიც აქამდე არსებულ რეგულაციებს აერთიანებს, აწესებს ახალ შეზღუდვებსა და უფლებებს. „ნადირობის შესახებ“ ახალი კანონპროექტი გარემოსა და ბუნებრივი დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა კარლო ამირგულაშვილმა წარადგინა. შეხვედრას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები, სოფლებში გამგებლის წარმომადგენლები და მონადირეთა კავშირის წევრები დაესწრნენ. რატომ გახდა ახალი კანონის შემუშავება საჭირო და რას ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელიც ახალი მოწვევის პარლამენტს უნდა წარუდგინონ, ამაზე კარლო ამირგულაშვილმა დეტალურად ისაუბრა. ”ნადირობის შესახებ” კანონპროექტი აწესრიგებს რა არის ნადირობის უფლება, ვის ენიჭება ნადირობის განხორციელების უფლება და ა.შ. კანონპროექტის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი მონადირეთა სერთიფიცირებაა. კანონის ამოქმედების შემდეგ, არასერთიფიცირებული პირის ნადირობა აიკრძალება და დარღვევის შემთხვევაში მას ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრება”, – განაცხადა ამირგულაშვილმა. განსხვავებულ სისტემაზე გადადის სანადირო ტერიტორიებიც. ამ კუთხით, სამინისტრომ საერთაშორისო პრაქტიკა გაითვალისწინა. განიხილება მონადირეთა ფედერაციის შექმნის შესაძლებლობაც. ამირგულაშვილის განმარტებით შემოდის სამონადირეო ტერიტორიის მმართველი, რომელსაც ნადირობის განხორიცელებაზე მართვის უფლება მიენიჭება. შესაბამისი უფლებები და მოვალეობები კანონში იქნება გაწერილი. ასევე გამოიყოფა სამონადირეო ტერიტორიები. ტერიტორიის მოცულობა არ უნდა იყოს ისეთი მცირე, რომ იქ შეუძლებელი იყოს, სანადირო სახეობების მდგრადი მართვა და სარგებლობა. „სამონადირეო ტერიტორიაზე შესვლისთვის გარკვეული სახდელი იქნება დაწესებული. მაგალითად, ხდება მწყერზე ნადირობა ყანებში, ბაღებში, რომლებიც კონკრეტული პირის საკუთრებაა. ასეთი ტერიტორიებიც სამონადირეო ტერიტორიის ფარგლებში შეიძლება მოექცეს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ იქ ნადირობის უფლება იქნება გაცემული. ამას გადაწყვეტს თავად კერძო მესაკუთრე. თუკი მან განაცხადა, რომ მის კერძო ნაკვეთზე ნადირობა განხორციელდეს, მაშინ მოხდება ამის აკრძალვა სამინისტროს მხრიდან”, – განაცხადა მან. კანონპროექტის საჯარო განხილვები ყველა რეგიონში გაიმართება. როგორც სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, ყველა დაინტერესებული პირის აზრს მაქსიმალურად მოუსმენენ და გაითვალისწინებენ. მხოლოდ ამის შემდეგ გავა კანონპროექტი პარლამენტში დასამტკიცებლად. #ნადირობისშესახებკანონპროეტისგანხილვა

Tweet about this on TwitterShare on Facebook0