ნათია თურნავამ ასტანაში გამართულ „ენერგეტიკის საინვესტიციო ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა

20/07/2017

“საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ნათია თურნავამ აზიის განვითარების ბანკის მოწვევით ქ. ასტანაში, 18-19 ივლისს გამართულ „ენერგეტიკის საინვესტიციო ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა.
ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) ფარგლებში ფორუმზე “საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე პრეზენტაციით წარდგა და ფორუმის მონაწილეებს მსხვილ ენერგეტიკულ პროექტებში კერძო ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით “საპარტნიორო ფონდის” გამოცდილება გააცნო.
აზიის განვითარების ბანკის მიერ ორგანიზებულ რეგიონალურ ფორუმში სახელწოდებით „ენერგეტიკის საინვესტიციო ფორუმი“ მონაწილეობა მიიღეს, როგორც აღნიშნული პროგრამის მონაწილე ქვეყნების, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის წარმომადგენლებმა. ფორუმს ესწრებოდა, აგრეთვე, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ხმალაძე. ფორუმის პრიორიტეტულ ამოცანას რეგიონის ენერგეტიკულ პროექტებში ( მათ შორის, საქართველოში) კერძო სექტორიდან დაფინანსების მოზიდვა წარმოადგენდა.
CAREC-ის შესახებ ;
ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამა CAREC წარმოადგენს 11 ქვეყნის (ავღანეთი, აზერბაიჯანი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთის რესპუბლიკა, მონღოლეთი, პაკისტანი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი) პარტნიორობას, რომელიც ერთობლივი მუშაობისა და თანამშრომლობის გზით ხელს უწყობს პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკურ ზრდას და სიღარიბის შემცირებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0