ნათია თურნავა ვაზილ ჰუდაკს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ მრჩეველს უცხოური ინვესტიციების მიმართულებით ვაზილ ჰუდაკს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იქნა უცხოური ინვესტიციების სტრატეგია და მიმდინარე პროექტები ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, უძრავი ქონების განვითარებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით. პრემიერ-მინისტრის სპეციალურ მრჩეველთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო მსოფლიო კრიზისის მიუხედავად, უცხოელი ინვესტორებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი პლატფორმაა, როგორც უსაფრთხო ქვეყანა, რომელიც საერთაშორისო რეიტინგებში ბიზნესგარემოს კუთხით ბევრ პოზიციაში ლიდერობს. ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, რაშიც ქვეყანას დიდად დაეხმარება დონორებთან და პოტენციურ ინვესტორებთან თანამშრომლობის მქონე ისეთი სპეციალისტის გამოცდილება, როგორიცაა ვაზილ ჰუდაკი. ნათია თურნავამ პრემიერ-მინისტრის სპეციალურ მრჩეველს გააცნო სამინისტროს მიერ მიმდინარე საინვესტიციო სტრატეგია და პროგრამები, რომლებიც მიმართულია ქვეყანაში საინვესტიციო აქტივობის გააქტიურებისა და კაპიტალის მოზიდვის კუთხით. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა მთელ რიგ პროგრამებზე, მათ შორის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, სატრანსპორტო გადაზიდვებისა და სხვა პრიორიტეტულ სექტორებში, რომელთა მიზანსაც ადგილობრივ ბაზარზე საერთაშორისო კომპანიების მოზიდვა წარმოადგენს. ითქვა, რომ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინიციატივით და აშშ – ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, წარმატებით ხორციელდება საინვესტიციო ლოკაციების საკონსულტაციო პროექტი, რომლის ფარგლებშიც აშშ – ისა და ევროპის წამყვანი საკონსულტაციო კომპანიები საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის საერთაშორისო პოპულარიზებას ეწევიან.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე, გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი, აგრეთვე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ჩიქოვანი.

Visited 46 times, 1 visit(s) today