თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ლისის ტბის რეკრეაციული კომპლექსის მიმდებარედ, გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა. 2-2.5 მ. სიმაღლის კედარის, კიპარისისა და ცაცხვის ჯიშის ხე-მცენარეები, ლისის ტბის გარშემო ქარსაცავი ზოლის მოწყობის მიზნით დაირგო.
დედაქლაქის მერთან ერთად გამწვანების აქციაში, თბილისის მერიის საქალაქო სამსახურებისა და რაიონული გამგეობის წარმომადგენლებიც მონაწილებდნენ.
თბილისის მერიის ინფორმაციით, კლიმატური პირობების გათვალისწინებით, ქარსაცავი ზოლის მოწყობა მნიშვნელოვანია ადგილობრივი ტერიტორიის რეკრეაციული რესურსებისა და ეკოსისტემის განვითარებისთვის, ასევე ბიომრავალფეროვნების დაცვის თვალსაზრისით. გამწვანების სამუშაოები სპეციალისტების მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით ტარდება.
“მნიშვნელოვანია ის, რომ ეს ტერიტორია წესრიგდება და აქ ჩართულია, როგორც ინვესტორი, ასევე ქალაქის მერია იმისთვის, რომ კარგი რეკრეაციული ზონა განვითარდეს და ვითარდება კიდევაც. გამწვანების ღონისძიების ფარგლებში დარგული ხეების მოვლა-პატრონობაზე მუნიციპალიტეტი იზრუნებს და მნიშვნელოვანია, რომ ერთი დამატებით კარგი რეკრეაციული ზონა შეემატება თბილისის მუნიციპალიტეტს და ჩვენს თანამოქალაქეებს”, – განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერიის ინფორმაციით, რგვები ქალაქის მასშტაბით სამი ძირითადი მიმართულებით, ტყე-პარკების აღდგენის, ცენტრალური ქუჩების და პარკებისა და სკვერების გამწვანების, ასევე სხვადასხვა რაიონში ქარსაფარი ზოლების მოწყობის მიზნით ტარდება. საგაზაფხულო რგვები მაისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც 80 700 წიწვოვანი და ფოთლოვანი ჯიშების ხეები დაირგვება.
მცენარეების დარგვის შემდეგ, მათ მოვლა-პატრონობას კონტრაქტორი კომპანიები უზრუნვეყოფენ. თბილისის მერიის ინფორმაციით, 2016 წელს თბილისის მასშტაბით სულ 180 000 ნერგვის დარგვაა დაგეგმილი. 100 000 ხე-მცენარე, შემოდგომაზე, სეზონური რგვების ფარგლებში დაირგვება.