ნატომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში და ალიანსთან ჩვენი თავსებადობის გაზრდაში

21/02/2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და ნატოს გენერალურმა მდივნმა იენს სტოლტენბერგმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი: „პრემიერ-მინისტრო, ბატონო ირაკლი, მოგესალმებით ნატოში. მიხარია თქვენი აქ ყოფნა. ადრეც შევხვედრივართ, თუმცა, პირველად ვხვდებით პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე თქვენი დანიშვნის შემდეგ. ამიტომ, დავიწყებ მოლოცვით. გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას და მოუთმენლად ველით თქვენთან თანამშრომლობას. საქართველო არის ნატოს მჭიდრო პარტნიორი და სრულად ვუჭერთ მხარს ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ნატო კვლავ მოითხოვს რუსეთისგან, გაითხოვოს საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. საქართველოს ტერიტორიების ანექსია მიუღებელია. ამ კვირას აღინიშნება უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეორე წლისთავი. უკრაინის უკან დახევა ავდიივკის ტერიტორიიდან იმაზე მეტყველებს, რომ ბრძოლის ველზე ვითარება ძალიან რთულია, მაგრამ უკრაინელებმა ყოველ ჯერზე გადააჭარბეს მოლოდინს და ნატო აგრძელებს უკრაინის გვერდში დგომას. სულ რაღაც ბოლო ორი დღის განმავლობაში მოკავშირეებმა გაავრცელეს მილიარდობით ევროს ოდენობის მხარდამჭერი სამხედრო პაკეტების შემუშავების შესახებ ინფორმაცია. მათ შორისაა საჰაერო თავდაცვის საშუალებები, არტილერია, სამხედრო აღკაზმულობა და F-16 ტიპის მფრინავი აპარატები. ნატოს პარტნიორები საკვანძო როლს თამაშობენ და მივესალმები იმ ფაქტს, რომ საქართველო უზრუნველყოფს ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას. მან თავშესაფარი მისცა ათასობით უკრაინელ ლტოლვილსაც.
დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ განვიხილავთ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხს, რაც ვიცი, რომ მეტად მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოსთვის. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომი მნიშვნელოვან რისკს უქმნის შავი ზღვის აკვატორიაში თავისუფალ ნავიგაციას და გავლენას ახდენს სურსათის გლობალურ უსაფრთხოებაზე. ამიტომ, მივესალმები მოკავშირეების ძალისხმევას, რომლებიც მუშაობენ შავი ზღვის განნაღმვაზე, უსაფრთხო ნავიგაციისა და კომერციის უზრუნველყოფაზე. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ ასევე განვიხილავთ პარტნიორობს ნატოსა და საქართველოს შორის და ვისაუბრებთ აგრეთვე მისი შემდგომი განვითარების შესახებ. მივესალმები წინსვლას ისეთ სფეროებში, როგორიცაა: კრიზისების მართვა, კიბერუსაფრთხოება, სამხედრო ინჟინერია და უსაფრთხო კომუნიკაციები. ასევე, გილოცავთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას. ახლა მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გააგრძელოს და დააჩქაროს ადგილობრივი რეფორმების წარმოება და უზრუნველყოს დემოკრატიული ღირებულებების პატივისცემა. გვინდა ვხედავდეთ, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მიდის – მეტი დემოკრატიისა და კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ოჯახის სრულუფლებიანი წევრობისკენ. ნატო გააგრძელებს საქართველოს გვერდში დგომას ამ მისწრაფებების რეალიზების პროცესში.
ამდენად, ბატონო პრემიერ-მინისტრო, კიდევ ერთხელ მოგესალმებით და მიხარია თქვენი ხილვა ნატოს შტაბბინაში!”

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე: „ბატონო გენერალურო მდივანო! მადლობა ნატოს შტაბბინაში ჩვენი მასპინძლობისთვის! მოხარული ვარ, რომ თქვენთან და მოკავშირეებთან ერთად განვიხილავ ნატო-საქართველოს პარტნიორობის დინამიკურ და შინაარსობრივ დღის წესრიგს, ასევე – ჩვენი ინტეგრაციის პროცესს. ნება მომეცით, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და გამოვხატო ჩემი გულწრფელი მადლიერება ნატოსადმი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე, თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის. საქართველო არის ალიანსის ერთ-ერთი უახლოესი და ურთიერთთავსებადი პარტნიორი. ჩემი პირველი უცხოური ვიზიტი ბრიუსელში საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის რანგში კიდევ ერთი ნათელი დემონსტრირებაა იმისა, რომ ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ პარტნიორობას. წლების განმავლობაში ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში ნატოს მისიებსა და ოპერაციებში მონაწილეობით. ნატომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში და ალიანსთან ჩვენი თავსებადობის გაზრდაში. არც ჩვენ დაგვიკლია ძალისხმევა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ღირებულებები გაგვეთავისებინა, განგვეხორციელებინა ყოვლისმომცველი რეფორმების დღის წესრიგი და წინ წაგვეწია ჩვენი ინტეგრაციის პროცესი, მიუხედავად შიდა თუ გარე უსაფრთხოების გამოწვევებისა. ამჟამად ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში რთული პერიოდი გვაქვს. წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას, საფრთხის ქვეშაა პრინციპი „მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპა”. საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია. ამ რთულ დროს მოკავშირეებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გააგრძელონ უპრეცედენტო ერთობისა და მტკიცე ერთგულების დემონსტრირება წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების მიმართ. ნება მომეცით, კიდევ ერთხელ გავიმეორო ჩვენი მტკიცე ვალდებულება ნატო-საქართველოს პარტნიორობის მიმართ და გამოვხატო მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის. დიდი მადლობა!”

Tweet about this on TwitterShare on Facebook0