ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის საზაფხულო სკოლა დაიწყო

13/06/2017

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის საზაფხულო სკოლა დაიწყო. პროექტში მონაწილეობას უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტები იღებენ. საზაფხულო სკოლის მიზანია სტუდენტების ინფორმირება საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის მიმდინარე საკითხებზე და სტუდენტების ჩართულობის გაზრდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის საზაფხულო სკოლა ოფიციალურად სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძემ, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ და დირექტორის მოადგილემ გიორგი ფარეშიშვილმა გახსნეს.

ვიქტორ დოლიძე სტუდენტებს საქართველოს ევროპული და ევროატალნტიკური ინტეგრაციის პროცესის, გამოწვევებისა და მოლოდინების შესახებ ესაუბრა, ხოლო ნინო ბოლქვაძემ ყურადღება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე და ადამიანის უფლებებსა და ევროპულ ღირებულებებზე გაამახვილა.
საზაფუხოლო სკოლის ფარგლებში ყურადღება ისეთ საკითხებზე გამახვილდება, როგორებიცაა: ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი, ნატოს ისტორია, ნატო – საქართველოს ურთიერთობები, პერსპექტივები და გამოწვევები, ნატოში გაწევრიანების ახალი შესაძლებლობები, საქართველოს მონაწილეობა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, ევროკავშირის ისტორია, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ასოცირების შეთანხმების განხორციელება, DCFTA და სოფლის მეურნეობის განვითარება; სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, მითები ევროკავშირთან მიმართებაში; ანტიდასავლური პროპაგანდის მეთოდები;
საზაფხულო სკოლა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით პირველად იმართება და 16 ივნისამდე გაგრძელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0